„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრემიერად მუშაობის დროს გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.
თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს. მშობლებს იმედი მაქვს, რომ ახლა მეტი შესაძლებლობა მექნება მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
„იმედი“: პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის
მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.