საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას შესახებ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებს სოციალურ ქსელში, ზურაბ ბაუჟაძე ყვება.
გთავაზობთ მის სტატუსს:
“ცოტნე გამსახურდია წლების წინ ინტერნეტით გავიცანი. მუდამ ვადევნებდი თვალს მის საქმიანობას თუ როგორ ცდილობდა გაჭირვებული ადამიანების დახმარებას.
ერთხელ გურიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მცხოვრები მარტოხელა ადამიანის დასახმარებელ კამპანიას აწარმოებდა. ამ ადამიანს ელექტროგამათბობელი სჭირდებოდა და ცოტნე ისეთ ადამიანს ეძებდა ვინც ამ ნივთს გადასაცემდა მას. თბილისში ვიყავი იმ დროს, ბათუმში ვბრუნდებოდი და მივწერე რომ მე წავიღებდი. შევხვდით ვერაზე.
გამათბობელი დიდი მორიდებით და ათასი ბოდიშით გადმომცა. თითქოს თავისთვის მთხოვდა რამეს. ამ შეხვედრის დროს გავიცანი ზუსტად. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ის ელექტროგამათბობელი მივაწოდე იმ ადამიანს და ცივი ზამთარი ცოტნეს დახმარებით უფრო კომფორტულად გადაიტანა.
წლების მანძილზე რამდენ ადამიანს დახმარებია უანგაროდ, რამდენის უკანასკნელი და ერთადერთი იმედი ყოფილა.
ცოტა ხნის წინ ცოტნემ ბანკიდან შეტყობინება მიიღო. ანაგრიშზე, რომელზეც ადამიანთა დასახმარებლად თანხას აგროვებდა მილიონზე მეტი იყო ჩარიცხული. ეს იმდენივე თანხაა, რამდენიც თბილისის საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება. ეს თანხა ცოტნეს ავადმყოფების, ღატაკების და სასოწარკვეთილი ადამიანების დასახმარებლად ჰქონდა დახარჯული.
ამიტომაც არ გასწირავს ღმერთი და მალე გამოჯანმრთელდება, ფეხზე დადგება, ისევ სიკეთის საკეთებლად! უფალმა აარიდოს განსაცდელი!”
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.