LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ” – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

107
BeFunky-collage

“თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ,” – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

როგორც ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნიკა მელია წერს, “თავისუფლება უნდა მოიპოვო. ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, კრიზისში ახალი პასუხების პოვნით”.

“მოგესალმებით თანამებრძოლებს მეგობრებს და თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ მანდ ხართ, მიხარია, რომ არ ნებდებით ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა.

ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები იბრძვიან. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა და იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ შემართებას მატებს.

ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლიტპოლარიზაციის პროცესი – გვქონდეს უკეთესი საქართველო, თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში მოწინააღმდეგის ყველა გეგმას ჩაშლის.

დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავისუფლებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის ძალისმიერი შტურმის დროს გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისის სახელმწიფოს გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოს მიმართ.

2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად, ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვებისა და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან ქართული სახელმწიფოს იდეას.

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მას, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, კრიზისში ახალი პასუხების პოვნით.

მე მინდა, ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ და ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. საქართველოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს.

თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ.

დღეს, საკნის 4 კედელი სწორედ, თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის თავისუფლება არ ღირს 40 ათასი ლარი. ეს არცერთი ადამიანის არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის.

ახლა დგება წუთი, როდესაც მოქალაქეები ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნა, ან დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან. ვარ მართალი, ვარ მხნედ,” – წერს ნიკა მელია.

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.  საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა „მსვლელობა თავისუფლებისთვის” გამართეს, რითაც ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა. ისინი ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა.

ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g