ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სს კოდექსის 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, შესაბამისად, გვარამია დამნაშავედ 220-ე მუხლით ცნეს. კერძოდ, ორ ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად, 2015 წლის ეპიზოდში თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და ექვსი თვის ვადით მიესაჯა. ამასთან, მოსამართლეთა კოლეგიამ 3 წელი და ექვსი თვე განუსაზღვრა 2019 წლის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდშიც:
„სს კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.“– ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა – კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ ცნეს.
გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ გვარამიას საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ მედიასთან, პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა უნდა შეფარდებოდა.
„ჩვენ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რომ სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და დანაშაული. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში.“ – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.
პროკურატურა მას ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება.
ამავე თემაზე:
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“