თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა იქ მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის.
სხდომის დასრულების შემდეგ მათ გედევან ფოფხაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ეზოც და რუსთაველიც უნდა გახდეს პროტესტის ადგილი.
„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ნიკა გვარამიას და საქართველოს თავისუფლებისთვის.
დღეს უნდა სათქმელი ითქვას, აქ, აი ამ ეზოში და არა სადმე სხვაგან. ყველას გთხოვთ, სასამართლოს ეზოში მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და გავმართოთ მიტინგი, პროტესტის ნიშნად, ვიდრე ისინი არ აღკვეთენ ამ მიტინგს. არ გვაქვს მორალური უფლება დღეს პროტესტის გარეშე წავიდეთ და სახლში ჩვენს ემოციებთან დავრჩეთ. სათქმელი უნდა ითქვას დღეს ამ ეზოში და არა სხვაგან.
დღეს უნდა დაიწყოს რაღაცა ახალი. ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება… რომ არ გავხდეთ ამ დანაშაულის თანამონაწილეები, საჭიროა, რომ ჩვენ რაღაც გავაკეთოთ, დღეს ახალი ერთობის წინაპირობები უნდა გაჩნდეს“, – მიმართა სასამართლოს ეზოში შეკრებილ საზოგადოებას გედევან ფოფხაძემ.
ამ მოწოდების შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოსამართლეების გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან განცხადებები გააკეთეს. სასამართლოს ეზოში კვლავ რჩებიან პოლიტიკოსები, ნიკა გვარამიას ახლობლები, ოჯახის წევრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“