LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი სექტემბერში გაზრდილ ხელფასს მიიღებს

201
BeFunky-collage (60)

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

მისივე განმარტებით, უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“  – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ბაღების სააგენტოს ინფორმაციით,  თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს. კერძოდ:

  • საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15 პროცენტით
  • სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის – 10 პროცენტით
  • ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის – 10 პროცენტით
  • აღმზრდელის – 20 პროცენტით
  • აღმზრდელის თანაშემწის – 20 პროცენტით
  • მუსიკის პედაგოგის – 10 პროცენტით
  • ცეკვის პედაგოგის – 10 პროცენტით
  • მზარეულის – 10 პროცენტით
  • მზარეულის დამხმარის – 10 პროცენტით
  • დარაჯის/დაცვის – 15 პროცენტით
  • დამლაგებლის – 10 პროცენტით
  • მრეცხავის – 10 პროცენტით
  • საქმის მწარმოებლის – 10 პროცენტით
  • სპეციალური პედაგოგის – 20 პროცენტით
  • ფსიქოლოგის – 10 პროცენტით
  • ლოგოპედის – 10 პროცენტით
  • ბიბლიოთეკარის – 15 პროცენტით
  • მუშის – 15 პროცენტით
  • მებაღის – 15 პროცენტით, მეეზოვის – 15 პროცენტით
  • დირექტორის – 10 პროცენტით, დირექტორის მოადგილის – კი 10 პროცენტით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

magti 5g