უკვე მეორე წელია კამპანია “იცურე მშვიდად” ფარგლებში საშიშ საცურაო ადგილებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქციები იმართება.

კამპანია შარშან “ფორტუნადან” დაიწყო.

ალეკო ცქიტიშვილის ვაჟი

თუმცა ალეკო ცქიტიშვილმა ბრძოლა მანამდე, ხუთი წლის წინ, მისი ოჯახის უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. მისი შვილი თბილისის ზღვაზე დაიღუპა, ისევე როგორც უამრავი სხვა ახალგაზრდა, რომელიც ვერ შეაჩერა გამაფრთხილებელმა აბრებმა და ჯებირებმა, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს.

ალეკო ითხოვს, რომ სხვა ბავშვები მაინც დაიცვან საფრთხისგან.

დაცვა კი შემდეგში გამოიხატება – ადგილზე სადაც ცურვა აკრძალულია, 20-30 მეტრიანი ბეტონის კედელი აშენდეს, ზევიდან მავრთულხლართებით, რომელზეც გადასვლა შეუძლებელი იქნება.

სანამ ამაზე პასუხისმგებლობას არც მერია იღებს და არც GWP, ბავშვები იღუპებიან.

რეალურად კი ორივეზემოთჩამოთვლილი საქმეშია. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი ქმედების აღსრულება მერიას დაავალა, ამასთან  GWP-თან ცქიტიშვილმა ცალკე დავა დაიწყო.

“ჯივიპის მხრიდანაც ექმნება საფრთხე მოქალაქეებს. მათი ტერიტორია დაუცველია და ამის ფოტომტკიცებულებაც გვაქვს. გადადიან მოქალაქეები მათ კერძო საკუთრებაში და ბანაობენ იმ ადგილზე, სადაც აკრძალული და სახიფათოა. ამიტომ მოქალაქეების სიცოცხლეს და წყლის სისუფთავესაც საფრთხე ექმნება. ამიტომ სამოქალაქო წესით შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი რომ ჯივიპიმ დაიცვას საკუთარი ტერიტორია.

მათ ეს ადგილი ისე უნდა ჰქონდეთ დაცული, რომ ყოველი სანტიმეტრი ვიდეოთვალებით ჰქონდეთ, რომ საფრთხე პირველ რიგში წყლის სისუფთავეს არ შეექმნას,” – ამბობს ცქიტიშვილი.

ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა 100 000 ლარიანი მორალური კომპენსაციაა. ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს პრინციპული მოთხოვნაა მისი მხრიდან, რადგან ერთგვარ პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

პერიმეტრზე მხოლოდ უსაფრთხოების ზომებია გასამკაცრებელი – ღობის და გამაფრთხილებელი ნიშნულების დამონტაჟება. და მაშინ, როცა საქმე ბავშვების სიცოცხლის დაცვას ეხება, ალეკო ცქიტიშვილისთვის გასაკვირია რატომ არ სურს არავის პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ ის მერიას მორიგებას სთავაზობს.

 

რას აკეთებს მერია?

“ფორტუნას” მერიაში განუცხადეს, რომ საკითხი ამ დავის მიღმაც აღელვებთ. საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს თბილისის ზღვის სანიტარულ დაცვის წესს და არა კონკრეტული ადგილის, მთლიანი პერიმეტრის უსაფრთხოების სტანდარტის ერთიანი სისტემა შემუშავდება.

დავა ჯერ კიდევ სასამართლოშია და სასამართლოს დავა ჯერ არ დაუსრულებია და ისე შესრულდება ეს, როგორც გადაწყვეტს სასამართლო და დავის მიღმა უკვე შემუშავებულია წესები, მალე გაიგზავნება საკრებულოში და როგორი წესითაც დამტკიცდება, იმის მიხედვით მოვაწყობთ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

 

დავა ჯერ კიდევ სასამართლოში იმიტომაა, რომ მერიამ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე სააპელაციო სასამართლოში წავიდა. ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ თუ მერია მორიგებაზე არ წამოვა, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა, ამასობაში კი თბილისის ზღვაზე კვლავ დაიღუპებიან ბავშვები. სტატისტიკის მიხედვით, სეზონზე კონკრეტულ “სიკვდილის ზონაში” საშუალოდ, ორი ბავშვი იღუპება.

 

რას სთავაზობს ალეკო ცქიტიშვილი მერიას?

რადგან საქმე სიცოცხლეს ეხება, ალეკო ცქიტიშვილი მერიას სთავაზობს, შეიქმნას ცალკე კომისია, რომელიც გადაწყვეტს, გარდა ბეტონის ღობის და მავრთულხლართისა, რისი დამონტაჟება შეიძლება ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
“თუკი ეძვირებათ 30-40 მეტრის ბეტონის ღობის აღმართვა და ამ თანხის ბიუჯეტიდან გამოყოფით მილიონიან ნაძვის ხეზე დააკლდებათ თანხა, მზად ვარ კომისიასთან ერთად სხვა უსაფრთხოების ზომებიც განვიცილო, რადგან ეს დროულად მოსაგვარებელი საკითხია,” – ამბობს ცქიტიშვილი “ფორტუნასთან”.

გარიგებას კიდევ ერთი პუნქტი აქვს: დიდი დიღმის ტერიტორიაზე გამოიყოს 1500 კვ/მ-ის ფართობის ტერიტორია პარკურის პარკისათვის – აპელანტისა და სახელმწიფოს (თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის) ერთობლივი  50/50 საკუთრებით. სასამართლო დავის დასრულების შემდგომ ცოტნეს ოჯახს ისედაც დაგეგმილი გვაქვს თბილისში, დიდ დიღომში ნაკვეთის შესყიდვა, სადაც მოეწყობა ცოტნე ცქიტიშვილის სახელობის პარკურ-პარკი – სპეციალური საზოგადოებრივი სივრცე მათთვის, ვინც პარკურით არის დაკავებული. ვფიქრობ, ქალაქში მსგავსი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების სფეროშიც უნდა შედიოდეს. ამიტომ სააპელაციო სასამართლოში მე (აპელანტი) მხარეს  ვთავაზობ მორიგებას – ქალაქ თბილისის მერიამ გამოყოს ტერიტორია დიდ დიღომში ახალი პარკურ-პარკის მოსაწყობად, რომელიც იქნება ქალაქ თბილისის მერიისა და ცოტნე ცქიტიშვილის ოჯახის თანაბარ (50-50%) საკუთრებაში და მართვაში. ამ ტერიტორიაზე ერთობლივი ძალებით დაიგეგმება და მოეწყობა ახალი პარკურ-პარკი, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, ჰქონდეთ საზოგადოებრივი, დაცული სივრცე სავარჯიშოდ და აღარ ივარჯიშონ საფრთხის შემცველ ადგილებში.

თბილისის მერიაში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ აღნიშნული შეთავაზება ჯერ არ განხილულა და როგორც კი პასუხი ექნებათ, ამის შესახებ გვაცნობებენ.

„იცურე მშვიდად“ – ანა დოლიძე საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს და ახალ კამპანიას იწყებს

2 წელი გავიდა “იცურე მშვიდად” კამპანიის დაწყებიდან. ამ დროის განმავლობაში აქტივისტებმა თითქმის მთელი საქართველო მოიარეს და შესაბამის პირებსა თუ ორგანიზაციებს რეკომენდაციები მისცეს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების ჩართვა ამ კამპანიაში.

გარკვეულ შემთხვევებში შედეგიც დადგა. მაგალითად, ალეკო ცქიტიშვილი იხსენებს, რომ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციები, რუსთავში კერძო დაჭაობებულ ადგილზე ბანერების განთავსებისა და შემოღობვის შესახებ 2019 წელს შესრულებული დახვდათ. ასევე რუსთავის მერმა გაითვალისწინა გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც გაიცა, თუმცა ადგილზე კვლავ პრობლემად რჩება მაშველების მომზადების დონე და ტექნიკური აღჭურვილობა.

გარდა საბანაო ადგილებისა, ცქიტიშვილი მთავრობას მიმართავს რეკომენდაციებით, რომ სარწყავი არხების სისტემაც შესამუშავებელია, რადგან განსაკუთრებით კახეთში, ხშირია შემთხვევები, არხში ახალგაზრდების დახრჩობით დაღუპვის.

 

სახელმწიფომ სწორი ნაბიჯები გადადგა შავ ზღვაზე და შედეგიც დადგა

ბოლო სამ-ოთხ წელიწადში წყალში დახრჩობით გარდაცვლილთა სტატისტიკაში კლებაა. ცქიტიშვილი ამას, შავ ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირებს.

“ბოლო 3-4 წელიწადში წყალში დახრჩობის სიკვდილიანობის კლებაა. ეს კლება ჩვენი აზრით გამოწვეულია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველების გაძლიერებით. ყოველწლიურად უფრო მეტი მაშველია მობილიზებული სანაპიროზე. სწორი მიმართულება აქვს სახელმწიფოს აღებული, როცა გააძლიერა გამართხილებელი სისტემების დახვეწა.

ეს ტენდენცია მიგვითითებს, რომ სადაც კი სახელმწიფომ გააუმჯობესა დაცვა, ეს აისახა სამწუხარო სტატისტიკაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა წყლის ობიექტებზეც გაუმჯობესდეს დაცვის ღონისძიებები. განსაკუთრებით კერძო ჰესებს ეხება ეს საკითხი,” – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი “ფორტუნასთან”.

რა თქმა უნდა, სრული პრევენცია გამორიცხულია, თუმცა ფაქტია, რომ თბილისის ზღვაზეც და სხვა ადგილებშიც, უსაფრთხოების ზომები გასამკაცრებელია, რადგან ზაფხულის დადგომისთანავე, უამრავი ადამიანი სწორედ იმიტომ იღუპება წყალში, რომ შედის ისეთ ადგილას, სადაც ცურვა აკრძალულია. თუმცა, საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05