“ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ არის მომზადებული.
„ზოგადად, მინისტრის საათის გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, გითხრათ, რომ ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია მე არ მინახავს – არა არგუმენტი, არა მობილიზებულობა, არა გუნდურობა, არა კოორდინაცია. მე მახსოვს მინისტრის საათები, როდესაც იყო უმწვავესი დებატები ჩემთან მიმართებაში, მაგრამ ოპოზიციის ფლანგზე რომ გამოიხედავდი, მათ ჰქონდათ ნამუშევარი, ყველას ჰქონდა თავისი კითხვა და ყველას ჰქონდა თავისი პასუხი. ისინი არ არიან მომზადებული“, – განაცხადა წულუკიანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლება ცხელ შემოდგომას, რასაც ოპოზიცია აანონსებს, თეა წულუკიანმა განაცხადა:
„მე არ ველოდები არც ცხელ შემოდგომებს, არც ცხელ გაზაფხულებს და არც არავითარ სიცხეებს, გარდა ზაფხულის თვეებისა. ჩვენ ველოდებით 2024 წლის არჩევნებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რაც ყველაზე მეტად მახარებს. ერთხელ და სამუდამოდ, კიდევ ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ გაცხადდება ოპოზიციის რეალური სახე, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში არჩევნები არ ყალბდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ისეთი საარჩევნო სია შევიმუშავეთ, სადაც ერთი ამომრჩეველი ერთ ხმას უდრის და ელექტრონული არჩევნები რეალურად, გამორიცხავს ყველანაირი მანიპულაციის რისკს“, – განაცხადა წულუკიანმა.