საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო ცენტრის წინაშე მდგარ გამოწვევებს და

ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელა.

2004-2010 წლებში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩატარდა 2002 წლის მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებული შენობის გამაგრება და მისი იზოლირება გრუნტის წყლებისგან, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების სრული რეაბილიტაცია, შენობის ფასადის ხელახალი მოპირკეთება, ისტორიული მნიშვნელობის მქონე, 1914 წელს იტალიელი მხატვრის მიერ მოხატული უნიკალური ფოიეს რესტავრაცია და ა.შ. ამავე პერიოდში მოხდა თბილისის სიმფონიური ორკესტრისთვის ახალი, ძვირად ღირებული მუსიკალური საკრავების შეძენა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუსიკოსების საშემსრულებლო დონის ამაღლებასა და ორკესტრის საერთო ჟღერადობის გაუმჯობესებას, თუმცა დღეისათვის შენობის ინტერიერის ნაწილი განახლებას საჭიროებს.

მინისტრმა მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელს დახმარება აღუთქვა არსებული გამოწვევების დაძლევაში, წარმატება უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუსიკალური ფესტივალების, მათ შორის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მხარდაჭერას გააგრძელებს.

მსგავსი თემები