“თუ 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც არ მაქვს პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, რომელიც გახარიას მიმართ არსებობს,” – ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ გარკვეულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს და იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას ამ კითხვებზე პასუხი არ ექნება, გახარიას პოლიტიკური რეიტინგი ნულამდე დავა.

სერგეენკო გახარიას მმართველი პარტიიდან წასვლასაც აფასებს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯმა პოლიტიკაში გარკვეული რყევები გამოიწვია. ვიცე-სპიკერის განმარტებით, რყევაა, როდესაც მმართველი ძალის, ფაქტობრივად, ნომერ პირველი პოლიტიკოსი ოპოზიციაში დემარშით გადადის და ამას დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს:

“გიორგი გახარიას ნაბიჯმა, რომელიც მან თებერვალში გადადგა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გარკვეული რყევები გამოიწვია. რყევაა, როცა მმართველი ძალის ფაქტობრივად N 1 ოპოზიციაში დემარშით გადადის და ამას დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს. ჯერჯერობით გახარიას მიმართ ბევრად მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი.

მას აქვს საშუალება, მოკლე პერიოდში, მინიმუმ, ორ თემაზე დეტალური განმარტება გააკეთოს: რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. ასევე, უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა – იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის მხარდაჭერას მიიღებს, რა გეგმით აპირებს სიარულს. ამ კითხვებზე პასუხის არგაცემა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს. ასეთ შემთხვევაში, მის პოლიტიკურ მომავალს ვერ დავინახავდი.” – თქვა სერგეენკომ.

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები