LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ევროკავშირსა და გვარამიას გავაიგივებთ, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა… კობახიძე

124
კობახა

ჩვენ თუ ევროკავშირს და გვარამიას ერთმანეთთან გავაიგივებთ, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ. სინამდვილეში კი ევროკავშირი ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც გვარამია განასახიერებს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ შეკითხვას, რამდენად გამართლებული იყო ნიკა გვარამიას მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების წინ, როცა საუბარია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

„ჩვენ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კანონის და სამართლის აღსრულება არის ევროკავშირი, ამ დროს კი პირიქით არის. სინამდვილეში, ევროკავშირი არის სწორედ კანონის და სამართლის უზენაესობა. ეს არის ევროკავშირი სინამდვილეში და ჩვენ არ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კორუფციაა ევროკავშირი. თუ ევროკავშირსა და გვარამიას გავაიგივებთ ერთმანეთთან, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ. სინამდვილეში კი ევროკავშირი ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც გვარამია განასახიერებს. ევროკავშირი არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნები, თავისუფალი საზოგადოებები, სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. მე უბრალოდ, არ ვიცი, როგორ შეიძლება, ტოლობის ნიშანი დაისვას ევროკავშირსა და გვარამიას შორის?! შესაბამისად, მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ამ კონკრეტულმა ფაქტმა შესაძლოა, რამე პრობლემა შექმნას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ დადასტურებულია ფაქტი, რომ ნიკა გვარამიამ დანაშაული ჩაიდინა, თუ დანაშაულისთვის ადამიანები არ ისჯებიან, ამ დროს დაუსჯელობის განცდა ჩნდება.

„პირველ რიგში, საქმის შინაარსი განვიხილოთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ფაქტი არის შემდეგი – ნიკა გვარამია იყო კომპანიის გენერალური დირექტორი და მას, ისევე, როგორც კომპანიის მფლობელებს, მიტაცებული ჰქონდა „რუსთავი 2“. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ „ნაცმოძრაობამ“ მიიტაცა ეს ტელეკომპანია, რაც მერე სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა და უკვე პროცესი მიმდინარეობდა, ჯერ აქ, სასამართლოებში, მერე სტრასბურგში. როგორც გვარამიამ, ასევე კომპანიის მფლობელებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში სასამართლოები და მათ შორის სტრასბურგის სასამართლო ამ ტელეკომპანიას კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა. აი, ამ დროს იწყება ტელეკომპანიის ძარცვა და „რუსთავი 2“ თითქმის, 7 მილიონი ლარით გაიძარცვა. ეს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს ამ ტელეკომპანიას. ეს არის მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც გვარამიამ თანამზრახველებთან ერთად ჩაიდინა და 7 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონიერი მფლობელისთვის მისი დაბრუნება მოუწევდა. ეს არის შემდგარი დანაშაული. ეს არის ფაქტი და მერე ფაქტი ჩვენ არ მოგვისმენია, რომ ეს დანაშაული არ იქნა ჩადენილი. გვარამიამ ამ 7 მილიონის საკმაოდ დიდი ნაწილი მათ შორის, პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უსვამენ თუ არა ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეკითხვებს საერთაშორისო პარტნიორები, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, საქმის შინაარსათან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვა მოისმინოს.

„თუ ვინმეს აინტერესებს, დანაშაული იქნა ჩადენილი, თუ არა, ამაზე მზად ვართ, ნებისმიერი კითხვა მოვისმინოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g