ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გრიგოლ ხურციძე სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კუნთოვანი მასა ფაქტობრივად გაუნახევრდა. მისივე თქმით, პირველი შეხვედრის დროს წონის ძირითადი კლების მიზეზი იყოს ცხიმის კლება, მაგრამ მას შემდეგ რაც [სააკაშვილი] ცილას აღარ იღებს, უკვე კარგავს კუნთს.
გრიგოლ ხურციძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 8 კილო დაიკლო, რომლის ძირითად ნაწილს კუნთოვანი მასა წარმოადგენს. მისივე თქმით, ანორექსიული ადამიანი ციხეში არ განიკურნება და ამისთვის სპეციალური დაწესებულებაა საჭირო, რომელიც „საავადმყოფოც არ არის ხოლმე“, შესაბამისად სააკაშვილის მკურნალობა ციხის კედლებში ვერ მოხერხდება.
„უკვე 8 კილო დაიკლო, რომლიდანაც ძირითადი არის კუნთოვანი მასა, ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. თუ ეს დინამიკა გაგრძელდება ღრმა ნუტრიციის ფაზაში გადავა. ასევე გამოხატული აქვს ვიტამინის დეფიციტი, ვინაიდან არ იღებს არც ვიტამინებს და არც ხორცის პროდუქტებს, რომელიც მდიდარია საჭირო ვიტამინებით. გამოხატული აქვს ზოგადი შიმშილისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა რაც არის სისუსტე, თავბრუს ხვევა, კოორდინაციის მოშლა და სხვა.
მისი მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, სჭირდება სრულფასოვანი კვება, უნდა მოიხსნას ის ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც აქვს, მას მედიკამეტოზური მკურნალობა არათუ შველის, არამედ არაფერს აკეთებს და ადამიანის მდგომარეობა უარესდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანს სჭირდება სწორი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, თუ სად ჩატარდება ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, როგორც თავად ამბობს, ციხის კედლებში რეაბილიტაციას არ ჩაიტარებს.
ანორექსიული ადამიანი ციხეში არ განიკურნება, ამისთვის სპეციალური დაწესებულებაა საჭირო, რომელიც საავადმყოფოც არ არის ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთი ცენტრები საქართველოში არ გვაქვს, შეიძლება სერვისების გაყოფა, მაგრამ იმ კედლებში არ მოხერხდება, სადაც არის“, – აღნიშნა გრიგოლ ხურციძე.
სახალხო დამცველის განცხადებით, იყო ბევრი სპეკულაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა, ინფორმაცია, რომელიც ექიმებისგან მიიღო, ნამდვილად შემაშფოთებელი და კრიტიკულად მძიმეა.
როგორც ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, მისი რეკომენდაციაა შედგეს ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და შესაბამისად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.
ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, თუ სახელმწიფო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სახეზე გვექნება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა.