LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნამუსო ხართ თავიდან ბოლომდე, ზონდერობას დაანებეთ თავი” – გია ვოლსკის მორიგი გაღიზიანება

234
fr-1570091235580451

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტების მიმართ აგრესიას კვლავ აგრძელებს. ამჯერად მისი გაღიზიანება “მთავარის” ჟურნალისტის კითხვებს მოჰყვა, რომელმაც გუშინ ეთერში გასული საგამოძიებო  სიუჟეტიდან რამდენიმე დეტალის დაზუსტება სთხოვა. საქმე ეხება ქართულ ავიაციაში მიმდინარე პროცესებს, სადაც ჟურნალისტის  თქმით, სრულ მონოპოლიას გია ვოლსკი ფლობს, ხოლო შიდარეისებს მისი მეგობრის კუთვნილებაში არსებული კომპანია აკინტროლებს. სიუჟეტშივე იყო ნახსენები 70 მილიონი ლარის მითვისება, რომელიც მათ ბიუჯეტიდან მიიღეს. საქმის დაუყონებლივ გამოძიება და გია ვოლსკის დაკითხვის მოთხოვნით დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა  პროკურატურას მიმართა. ითანამშრომლებს თუ არა ვიცე-სპიკერი გამოძიებასთან და მივა თუ არა პროკურატურაში დაკითხვაზე –  ეს იყო კითხვები, რომელმა ვოლსკის გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.

“არ გრცხვენიათ მაინც? როგორ მენანებით, რომ ასეთი ახალგაზრდა გოგო ამ ტყუილების საამქრომ ჩაგითრიათ და ზონდერ ჟურნალისტად გაქციათ. თქვენ გაგაზონდერეს და ამას ვერ გრძნობთ. თქვენ  მთელი ცხოვრება გაგყვებათ ეს სამარცხვინო ლაქა, რომელიც შუბლზე გაწებიათ. თქვენ ხართ უნამუსო ადამიანების ჯგუფი და ზონდერობას დაანებეთ თავი. უნამუსო ხართ თავიდან ბოლომდე”, – ასე  უპასუხა გია ვოლსკიმ მაკა ჩიხლაძის კითხვებს.

როგორც ჟურნალისტი ყვება, ვოლსკიმ მისი სახელი და გვარი მოითხოვა და რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა მედიასაშუალებებთან საჯაროდ გალანძღა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი რამდენიმე კვირის წინ  აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს აკრედიტაციის გაუქმებითაც დაემუქრა. მაშინ დეპუტატს ჟურნალისტის ის კითხვა არ მოეწონა, რომელიც ბათუმში მეჩეთის აშენებისთვის მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებას ეხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები