LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, დარწმუნებული ვარ, ხალხს იმედს არ გავუცრუებთ: კახა კუჭავა

98
BeFunky-collage (1)

„მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ავიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და, შესაბამისად, მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება მმართველ გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.

86 ხმით ექვსის წინააღმდეგ – პარლამენტს ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჰყავს

მისი თქმით, ახლა გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, უშინაარსო კრიტიკის ნაცვლად, იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირება გვჭირდება.

როგორც კუჭავა განმარტავს, გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმებიც.

“იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე – უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. უნდა გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ და გახდეს მეტად ინტენსიური და ინკლუზიური.

გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმები. ამავე დროს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საჭიროა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისათვის. მნიშვნელოვანად გაიზრდება, კერძო სექტორის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში.

და ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანმა პერიოდმა საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, – საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი არ მოუტანია. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ გადაჰყვეს ხალხის და ქვეყნის ინტერესები.

მე მჯერა, რომ ამ დარბაზში არ მოიძებნება არცერთი დეპუტატი, ვისაც არ ესმის ვითარების სერიოზულობა და ვერ იაზრებს საკუთარ როლს ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში. ამიტომაც, გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ შემოგვიერთდება, შეძლებს ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ მუშაობას, რასაც ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, ამ იმედს არ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს“, – აცხადებს კუჭავა.

 

 

 

 

პოპულალურები