LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უვადო ვაქცინის გამოყენება ამ ქვეყანაში გამორიცხულია” – დადგება თუ არა “ბუსტერ” ვაქცინაციის საჭიროება

113
ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განმარტა, რატომ იკლო ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა.

წამყვანის შეკითხვაზე, თუკი ვაქცინაციის ტემპი ნელი ტემპით წავა, ხომ არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის საბჭო, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია 12 წლიდან დაუშვას ან გამოიყენოს ე.წ. ბუსტერ დოზები, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროებისდა მიხედვით, ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფები გაფართოვდება და შესაძლებელია ბუსტერ ვაქცინაციის საჭიროებაც დადგეს დღის წესრიგში.

“რაც შეეხება “ბუსტერ” დოზის საჭიროებას, ეს განიხილება რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, რომლებმაც შემოიღეს ბუსტერ დოზის საჭიროება გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ჩვენ დაბეჯითებით ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. ასევე, მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ მუდმივად ხდება ამ რეკომენდაციების განახლება ქვეყნის შიგნით ექსპერტთა საბჭოს მიერ. დაველოდოთ მათ და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას”,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე, გამოეხმაურა ამირან გამყრელიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა კოვიდგადატანილები ერთჯერადად აიცრან. ზახაშვილმა იმ ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრა, სადაც კოვიდგადატანილ მოქალაქეებს ერთჯერადად ცრიან.

“როდესაც კოვიდგადატანილი აქვთ და ორჯერად არიან ვაქცინირებული, ეს მხოლოდ სასარგებლოდ მუშაობს მის იმუნურ სისტემაზე და მეტად კარგ დაცვას მისცემს კოვიდის განმეორებითი შემთხვევებისგან. მათ ჯანმრთელობას საფრთხე ნამდვილად არ ექმნება.

რაც შეეხება კოვიდგადატანილებისთვის მხოლოდ ერთჯერად ვაქცინაციას, ასეთ პრაქტიკას მართალია მიმართავს ზოგიერთი ქვეყანა, არა მარტო იმისთვის, რომ ერთი აცრაც კი საკმაოდ კარგ დაცვას იძლევა კოვიდგადატანილებში, არამედ იმ ვაქცინის  ეკონომიისთვის, რომელთაც მიმართავენ ის ქვეყნები.

საქართველო თვლის, რომ ჩვენი ვაქცინის მარაგი საკმარისია. უვადო ვაქცინის გამოყენება ამ ქვეყანაში გამორიცხულია. ამას თავისი მარეგულირებელი ჰყავს. საკმაოდ, მკაცრად კონტროლდება ქვეყანაში ვაქცინის ვარგისიანობის ვადა და თითოეული დოზა საკმაოდ, კარგი ზედამხედველობის ქვეშაა”,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

magti 5g