საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „აკვირდებიან პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იქნეს მოპოვებული თავისუფლება“.
როგორც მან „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დანიშნული ჰქონდა შესაბამისი მკურნალობა, იკვებებოდა შერჩევით და ასევე იღებდა მედიკამენტებს შერჩევით.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე მარტივი დასტურია თუნდაც ის, რომ ამ ადამიანმა თავდაპირველად შიმშილობა გამოაცხადა, შემდეგ ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, როდესაც იგი დაბრუნდა კიდევ იყო შიმშილობის ხანმოკლე ეპიზოდი და მე-12 დაწესებულებაში, როდესაც მას ჰქონდა დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ის იკვებებოდა შერჩევით და ასევე იღებდა მედიკამენტებს შერჩევით. მინდა დავსვა კითხვა – რა არის ეს ყველაფერი თუ არა თვითდაზიანების მცდელობა?! შემდეგ, როდესაც მას შევთავაზეთ, ისევ მისი ქცევიდან გამომდინარე რისკების გამო, რომ შესაძლებელი იყო ჯანმრთელობა გართულებოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რაიმე ფორმით მოეპოვებინა თავისუფლება, შევთავაზეთ გადასულიყო კლინიკა „ვივამედში“ და ამის სანაცვლოდაც მივიღეთ წინაპირობები, რომელსაც მკურნალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. ეს ყველაფერი ვთქვი იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.