ვერტმფრენების შესყიდვის პროცედურები დაწყებულია, მომწოდებელთან აქტიური კომუნიკაციით გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი განცხადებით, ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეესრულებინათ, სრული 100 პროცენტით არის ყველა ღონისძიება შესრულებული.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება.
გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა.