ქართველი ვუნდერკინდი ცოტნე ზედგინიძე, რომელიც ნიკოლოზ რაჭველთან ერთად გერმანიაში იმყოფება, სადაც „აუდის“ ფესტივალზე უნდა გამოვიდეს, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს აოგნებს.
მაესტრო წერს:
„ჩამოვიდა ცოტნეც და ვიდრე ხვალინდელ გენერალურ რეპეტიციაზე ორკესტრთან ერთად მისი უახლესი ნაწარმოების საპრემიერო რეპეტიციას შევუდგებით წინა-მოსამზადებელი შეხვედრა გვქონდა ინგოლშტატის კამერარიატში. ჩვენთან ერთად ჩემი უძვირფასესი მეგობარი და ბრწყინვალე კონტრაბასისტი დიმა გაგულიძეც იყო. ძიმამ დღეს განიცადა ცოტნესთან ურთიერთობის შოკი, რაც მე წლების წინ მაქვს „გადატანილი”. ისეთი რთული ეპიზოდები აქვს 12 წლის კომპოზიტორს თავის ნაწარმოებში, რომ მე ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად წარმოუდგენლად ვღელავ, რომ სწორად და გასაგებად ვიდირიჟორო. აქ ვდებ ვიდეოს, რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა იგულისხმება ჩემს სიტყვებში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნეს გამგზავრება „აუდის“ ფესტივალზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ვინაიდან ბავშვთან ერთად გამგზავრების პრეტენზია მამას აქვს, თუმცა თავად ცოტნეს პედაგოგ ბებიასთან ერთად მოგზაურობა სურს. საბოლოო წერტილი ამ შემთხვევაში სასამართლომ დასვა, რომელმაც ცოტნეს ბებიასთან ერთად გამგზავრების ნება დართო.