მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას კიდევ ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი შეუერთდა. მიტროპოლიტი იოსებ შემოქმედელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მისი გადაწყვეტილება განმარტა.
სასულიერო პირი ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ღმერთი ანალოგიურ განსაცდელს მოუვლენს.
„ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს, ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს, ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას, ასევე განისჯებით, რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა, არ მინდა, რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას, იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.
მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას.
მართალია, უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50 პროცენტის მოთხოვნა. მკვლელობები, სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს პირიქით, ღმრთისგან სასჯელს მივიღებთ.
უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები რატომ არ ისჯებიან?
რატომ არ იქნა ეს გამოძიებული? რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ბევური ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას? თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოთ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე და უარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ, ხოლო რაც შეეხება ჟურნალისტებს გთხოვთ ნუ მირეკავთ, თქვენ წისქვილზე მე წყალს არ დავასხამ,თქვენ რაც დამართეთ ეკლესიას და ხალხს სჯობს მოინანიოთ, ერთხელაც თქვენც ამოგიყრის ღმერთი ფაილებს, მაგრამ არა ზღაპრებს, არამედ ყველაფერ სიმართლეს, მიდით და იმართლეთ თავი ღვთის წინაშე. სიყვარულით, იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი“, – წერს მიტროპოლიტი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების მოთხვნით შედგენილ პეტიციას ხელი ასევე მოაწერეს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
“მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ესე უფრო სწორია, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტი წინა პრეზიდენტს ციხეში არ სვამდეს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
ეპისკოპოსმა მელქიდესეკმა ასევე დაადასტურა, რომ მან პეტიციას ხელი მოაწერა და თქვა, რომ ვალდებულები არიან, რომ დაიცვან ასეთი თანამდებობის პირები.
“ვადასტურებ, რომ მოვაწერე ხელი. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ყველა ინსტიტუციას. ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები”, – ამბობს ეპისკოპოსი.
12 ოქტომბრის 13:00 საათის მონაცემებით, პეტიციას 32 476 ხელმოწერი ჰყავს.