LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც ჰგონია, რომ ბიძინისტები ვართ და „რუსთავი 2“-ზე ამიტომ დავრჩით, მათ ვეტყვი…“

46685
shotiko da qeti ex

შოთიკო ნოზაძე და ქეთი ხუციშვილი სუპერპოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და-ძმის, ლუნა და თენგო მაზიაშვილების როლები მოირგეს. შოტკო სერიალში – 5, ქეთი კი – 4 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

მას შემდეგ, რაც მათ ალეკო მალხაზიშვილისგან „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუში“ გამოჩენის შეთავაზება მიიღეს, გადაწყვიტეს, ახალ ამპლუაში თავი მოეინჯათ, თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდისთვის მათი „რუსთავი 2“-ზე წასვლა მისაღები არ აღმოჩნდა. შოთიკო და ქეთი სერიალში აღარ გამოჩნდებიან, თუმცა მაყურებელს კვლავ ერთად ხვდებიან, ამჯერად „კომედი სოუს“ სკეტჩებში.

შოთიკო და ქეთი ერთად ჩავწერეთ, როგროც მეწყვილეები და მეგობრები.

ისევ ერთად ხართ, მაგრამ არა „ჩემი ცოლის დაქალებში“. ალბათ, გული გწყდებათ, რომ სერიალში აღარ ხართ…

შოთიკო:

ამ გულისწყვეტას ვინ როგორ გაიგებს, არ ვიცი, მაგრამ დიდი დრო მაქვს „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდთან გატარებული და დავტოვე ჩემი ძვირფასი ადამიანები, ამიტომაც მწყდება გული. სერიალში 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი.

ვიცი, რომ შენი გადაწყვეტილება არ ყოფილა სერიალის დატოვება…

ჩემი გადაწყვეტილება იყო, სურვილი არა. სურვილი სხვა რამეა და გადაწყვეტილება – სხვა. გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი სერიალიდან , მიზეზებზე საუბარი არ მინდა.

ქეთი:

ოთხი წელი გავატარე ამ გუნდთან ერთად. ქუჩიდან რომ პირდაპირ ასეთ პოპულარულ სერიალში აგიყვანენ, ძალიან სერიოზული ტრამპლინია. ამ კუთხით მართლა გული მწყდება… რომ არა „ჩემი ცოლის დაქალები“, ბევრი რამ არ იქნებოდა. ცხოვრებაა. რას ვიზამთ.

თუმცა ისევ ერთად აღმოჩნდით. როგორ მიიღეთ შეთავაზება?

მე დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა. როცა მასთან გავისაუბრე, მითხრა, რომ მას არ ჰქონდა პრობლემა, „კომედი შოუშიც“ ვყოფილიყავით და „ჩემი ცოლის დაქალებშიც“. შემდეგ მე დაველაპარაკე „ფორმულა კრეატივის“ წარმომადგენლებს. რა საუბარი შედგა, ამაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ არჩევანი „კომედი შოუს“ სასარგებლოდ გავაკეთე.

რატომ მიიღე ამგვარი გადაწყვეტილება? ახალი გამოცდილების მიღება გაინტერესებდა?

დეტალურად ვერ გეტყვით, შიდა სამზარეულოს თემაა. ხალხი ოცნებობს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთწუთიან სცენაში მოხვდეს… ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ძნელია შეგუების პროცესი, თუმცა „კომედი შოუში“ ძალიან კარგი გუნდი დაგხვდა. გადაწყობის ეტაპი გვაქვს და არ ყოფილა ადვილი. „ჩემი ცოლის დაქალებში“ სხვა სირთულეებია, „კომედი შოუში“ – სხვა. განსხვავებული სპეციფიკაა. ნამდვილად არ შემშინებია, რომ სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება მომიწევდა. სერიალში ერთი კუთხით მივდიოდი, სიგიჟეებიც ჩავიდინე, იქვე ვვითარდებოდი, როგორც მსახიობი. გაოგნებული ვრჩებოდი, თურმე ეს შემძლებია-მეთქი. „კომედი შოუში“ კი სხვადასხვა პერსონაჟს ვითამაშებ. ჯერ მიჭირს გადმოწყობა, თორემ კამერასთან მუშაობის შიში ნამდვილად არა მაქვს.

შოთიკო :

„კომედი შოუს“ გუნდი არაჩვეულებრივია. მივედი მეგობრებთან და ვაკეთებ იმას, რასაც იუმორი ჰქვია. რასაკვირველია, მაყურებელს ექნება ასოციაცია ჩემს ძველ პერსონაჟთან და ეს გაგრძელდება გარკვეული დრო. გინდა თუ არა, როცა წლები გიყურებენ, როგორც თენგოს, სხვა პერსონაჟად შენი აღქმა უჭირთ. შეიძლება, როლი იდეალურად შეასრულო, მაგრამ მაყურებელმა მაინც არ მიიღოს.

ქეთი:

თენგო, ბოდიში შეგაწყვეტინებ… უი, პირველად დავუძახე თენგო. ეტყობა, მაინც მონატრებულები ვართ ჩვენს პერსონაჟებს (იცინის). ასეთ კომენტარს წავაწყდი სოციალურ ქსელში, ქალი გვწერდა, ძალიან დამენანეთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვეღარ გიხილავთ, მაგრამ რაც უნდა გააკეთოთ, ლუნა, თენგო და მერაბ დარჩია მაინც ამ პერსონაჟებად დარჩებითო. ქუჩაში რომ მივდივარ, მაინც ლუნას მეძახიან. ჯერ ხალხი მაინც იქ არის. ალაიქებენ, იცინიან ჩვენს სკეტჩებზე, მაგრამ ჯერ მაინც ლუნა ვარ.

როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ როლებიდან?

ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვარ. ჩვენს რეჟისორსაც ვუთხარი, რომ დრო მჭირდება. ლუნას როლი მქონდა შესისხლხორცებული. ოთხი წელი ერთი ადამიანის შესრულების შემდეგ სხვაზე გადასვლა ძნელია.

შოთიკო:

როცა ამდენ ხანს ერთ როლს თამაშობ, ყველა დეტალის დასახვეწად გაქვს დიდი დრო, როგორ გაიხედოს, გამოიხედოს, ეძინოს შენს პერსონაჟს და ა.შ. „კომედი შოუში“ წინა დღეს იწერება სკეტჩი და მეორე დღეს ჩაწერაა. ეს კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ძალიან მალე გიწევს სხვა ადამიანის განსახიერება.

სერიალის მაყურებლებად რჩებით?

ქეთი:

რა თქმა უნდა, გულშემატკივრებადაც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ქეთი დევდარიანს, რომელმაც ნახა ჩემი ვიდეო და შემომთავაზა ლუნას როლი და ზოგადად, მთელ გუნდს.

შოთიკო:

მადლობა ყველას, ვისაც მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. ძალიან მაგარი გუნდია.

ალბათ, გიხარიათ, რომ ისევ ერთად მოხვდით.

ძალიან. გაცნობის დღიდან, პირველივე გადასაღები დღიდან ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუ და-ძმა არა, კარგი მეგობრები ვართ.

ქეთი:

ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ მეგობრობა ცოტა სხვა რამ არის. შოთიკოსთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შოთიკოს იუმორი ძალიან მომწონს, ჩემი გემოვნებისაა. ალოსაც რომ მეუბნება, უკვე მეცინება. ალალი, უშუალო და ძალიან კარგი ადამიანია.

შოთიკო:

ქეთი ძვირფასია ჩემთვის, მეგობარია. მას აქვს თვისება, დაგანახოს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის. ერთმანეთს პატივს ვცემთ, გვიყვარს. შეიძლება, რაღაცაზე ჩავხოცოთ ერთმანეთი, მაგრამ… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, არასდროს გვიჩხუბია და იმედია, არ ვიჩხუბებთ. გვქონია აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლის.

„ჩემი ცოლის დაქალებიდან“ სახალისო ამბები გაიხსენეთ.

ასეთი ბევრია. გადაღებებს რომ უცხო ადამიანი დასწრებოდა, აუცილებლად ძალიან ბევრს იცინებდა. ჩვენთვის აღარ იყო სასაცილო, მაგრამ უცხო თვალისთვის – იქნებოდა, თუმცა ბევრჯერ გადაღება გაჩერებულა და ჩვენც გვიცინია დიდხანს.

ქეთი:

თენგოს რომ ლუნამ უთხრა, გაჯირჯოებული თავი გაქვსო… ისეთი ხმით ვუყვიროდი, რომ დამსწრეები დაიხოცნენ სიცილით. ვერ სულიერდებოდნენ. არანორმალური ხმა ამოვუშვი (იცინის). კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთი პერიოდი დამამშვიდებლებს ვსვამდი და დღისა და ღამის წამალი ამერია, გადაღების წინ დავლიე ძილის წამალი. ძლივს ვახელდი თვალებს. გადაღება ჩაიშალა (იცინის).

ახალი როლების შექმნისას კრიტიკის გეშინიათ?

შოთიკო:

კრიტიკა არ არის ცუდი, მაგრამ მგონია, რაღაც პერიოდი რომ გაივლის, მერე უფრო შეგვძლება შეფასება, მიგვიღო თუ არა მაყურებელმა ახალი როლებით. ბოლო პერიოდში იმასაც მივხვდი, რომ ხალხი მაინც იმას დაწერს და იტყვის, რაც უნდა, ასე რომ… ჩვენი მიზანია ის, რომ ხალხი კარგ განწყობაზე დავაყენოთ. რომ დაგვინახავენ, სიამოვნებდეთ. მორჩა. კომედიური ჟანრის ვარსკვლავობაზე პრეტენზია არ მაქვს.

პოპულარობის დაკარგვის არ გეშინიათ?

ესეც დროის ამბავია. რაღაც დროის მერე პოპულარობაც შეიძლება დაიკარგოს.

ქეთი:

ახლა რომ გავდივარ ქუჩაში და ოთხი წლის ბავშვი ხელს გამოიშვერს, გიცნობს, მოხუცი კაცი გაგაჩერებს და ხელე გაკოცებს, ხალხს მაინც ყოველთვის ემახსოვრები. მგონია, რომ ინტერნტში რჩება ვიდეოები და ხალხს მაინც არ დავავიწყდებით. თუმცა პოპულარობის დაკარგვის არ მეშინია. თითსაც არ გავანძრევ, რომ პოპულარობა დავიბრუნო. ამაზე დამოკიდებული არ ვარ. „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ მივედი, ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა საზოგადოება, პოპულარობაზე საერთოდ არ მიფიქრია. ზოგადად, პოპულარობის მოპოვება ადვილი ნამდვილად არ არის.

შოთიკო:

ამაზე ისეთი ადამიანები დაიკარგებიან, რომლებიც პოპულარობის მოპოვებაზე არიან ორიენტირებული. სულ არ მიხარია, ვინმე თენგოის და „შე კარგ მო…ლოს“ თუ დამიძახებს. როცა პერსონაჟის სახელს გეძახიან, ე.ი. როლი გააკეთე შესანიშნავად და იდეალურად. ეს არის, მეტი არაფერი. ასე ვთქვათ, სახეს არ ვიხევ, რომ პოპულარული ვიყო. თუ საქმიდან გამომდინარე ვიქნები, ამისი წინააღმდეგი არ ვარ.

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. არ ვიცი, ჩვენი გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ზე ვყოფილიყავით, ხალხმა რა დაინახა – თითქოს ფულზე გავიყიდეთ, მონები და გამყიდველებიც გვეძახეს, ამას წავაწყდი ინტერნეტში. ვინც ამას ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“-ზე იმიტომ გადავედით, რომ ბიძინისტები ვართ, არასწორად ფიქრობენ. ვერ გაიგეს, რომ მსახიობი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. პოლიტიკური სარჩული არ უნდა გამომაკერო, ეს არ მესმის. მე მაქვს ჩემი საქმე და გინდა „რუსთავი 2“-ზე ვიყო, გინდა „ფორმულაზე“, ამას რა მნიშვნელობა აქვს, არ მესმის.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „სტრადა“

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g