უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს.
როგორც ზელენსკი განმარტავს, ეს არის რეალური შედეგი, რაც უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტს მოჰყვა.
“რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა, იერმაკისა და მაკფოლის ხელმძღვანელობით, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების გენოციდად აღიარება მოითხოვეს. და აი, უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგი: სენატორებმა – რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, ბლუმენტალმა, პორტმანმა, შაჰინმა და გრეჰემმა, – წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს”. – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
რეზოლუცია აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებსა და NATO-ს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ასევე, მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალსა და გამოძებას, რათა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებსა და სამხედრო პირებს დაეკისროთ.