როგორ ვიცხოვროთ აწმყოში და როგორ შეიძლება გარდაიქნას წარსული ტრავმად – ამ თემაზე „ფორტუნას“  კლიკინური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ პრიორიტეტი?

დროითი სივრცის აღქმა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ფსიქოთერაპილ სივრცეში, იქნება ეს მისი სწორი გადანაწილება, მართვა, დაგეგმვა თუ ყურადღების ფოკუსში მნიშვნელოვანი საგნების მოხვედრა კონკრეტულ დროს.

წარმოიდგინეთ რომ რაიმე ძალიან ითხოვს თქვენს ყურადღებას, ამ დროს კი თქვენი ფსიქიკა, გონება თუ სხვა არხი გეუბნებათ, რომ ახლა ეს პრიორიტეტული არ არის, სხვა რამ  უნდა გააკეთოთ, თქვენ აკეთებთ სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეს და ის ტრიგერი, რაც მწვავედ იდგა, რჩება ყურადღების გარეშე, დაიგნორებული.  და ასე დღიდან დღემდე, და შემდეგ ჩნდება დაღლილობის შეგრძნება, დანაშაულის განცდა და ა.შ.

როგორი უნდა იყოს მიმღებლობა წარსულის მიმართ?

წარსულს ვქმნით აწმყოში, ისეთს, როგორიც აქ და ამჟამად არის “მისაღები” ჩვენი ფსიქიკისთვის. გვსურს დავინახოთ მასში მხოლოდ  ტრავმული გამოცდილებები? ვხედავთ. ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს, ჩვენ ვირჩევთ „მარტივს“, გაკვალულს და მივყვებით მას, მიუხედავად იმისა რომ შინაგანად ვეწინააღმდეგებით. მოვლენა არის მოვლენა, ინტერპრეტაციას და ემოციური ელფერს მას ვაძლევთ ისევ ჩვენ – აწმყოში.

წარმოიდგინეთ, რომ წარსულში არსებული გადაუმუშავებელი წყენები, დაუსრულებელი ურთიერთიბები,  პროექტები და საქმეები, ჰგავს დიდი ლოდებით დატენილ ჩემოდნებს, რომელსაც  დავატარებთ ცხოვრების გზაზე.

ჩვენი პასუხისმგებლობაა დავსხდეთ და გავაანალიზოთ, რას დავატარებთ თან. რა გვაქვს ხურჯინში,  მოვლენები მივიღოთ ისე როგორც იყო, ვაპატიოთ და მადლობა გადავუხადოთ საკუთარ თავს.

როდის უშლის წარსული აწმყოს?

თუ წარსულში მომხდარი მოვლენები, ჩვენში ისე ცოცხლად აგრძელებენ ყოფნას, თითქოს ახლა ხდება, ჩვენი ფსიქიკა აღიქვამს მას როგორც აწმყოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენას. შესაბამისად ჩვენი ფსიქიკური ენერგია მიემართბა არასწორად და გაედინება ტრავმისგან არსებულ სივრცისგან. დაუსრულებელი საქმეები, პროცესები, ურთიერთობები  გავს კომპიუტერს, სადაც ბევრი ფანჯარაა გახსნილი და ნელდება მისი მუშაობა. შესაბამისად, აწმყოში ჩვენი ფუნქციონირება და შრომისუნარიანობა კლებულობს.

როგორ ვიცხოვროთ აქ და ახლა?

აქ და ამჟამად ყოფნას სჭირდება პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, საკუთარი ცხოვრების მართვის სურვილი, „მეს“ გაცნობა, იმ არეალის გაცნობიერება, რომელზეც მართლა ჩვენ გავქვს პასუხისმგებლობა ახლა.

თუ ჩვენი ყურადღების ენერგია არის ან წარსულში ან მომავალში, ვერ ვტკბებით ამ წამით. ვერ ვმოქმედებთ და ვერ ვართ პროდუქტიულები, ვინაიდან ერთადერთი დრო, როდესაც რაიმეს ცვლილებაა შესაძლებელი, როდესაც ფიზიკური ქმედებაა შესაძლებელი არის აწმყო.