LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლებია, საქართველოში ბავშვთა უფლებები უმძიმესად ირღვევა: სახალხო დამცველი

112
ბავშვთა დაცვის დღე

1-ლი ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ წლებია, საქართველოში ბავშვთა უფლებები უმძიმესად ირღვევა.

ომბუდსმენის განცხადებით, დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ამ დღის აღნიშვნა სიმბოლურ დატვირთვას გასცდეს და მათი უფლებების დასაცავად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

„საქართველოში წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთანაა დაკავშირებული.

საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად, ბავშვები ძალადობის წინაშე პირისპირ რჩებიან. ამ დრომდე, პასუხისმგებელი უწყებები ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტების დროულ იდენტიფიცირებას, სათანადო რეაგირებას და არასრულწლოვანების მხარდაჭერას მათი საჭიროებების შესაბამისად არ ახდენენ,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამ ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.

გაიზარდა ბავშვის მიმართ ძალადობის, მათი ჯანმრთელობის, ბავშვთა სიღარიბისა და განათლების უფლების დარღვევის რისკები. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანების რაოდენობა 152 000-დან 186,000-მდე გაიზარდა.

ომბუდსმენის შეფასებით, ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის.

გამოწვევად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა – 2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
სახალხო დამცველი დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობაზე მიუთითებს, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა.

„დღესაც ფუნქციონირებს არაერთი რელიგიური სკოლა-პანსიონი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მონიტორინგი არ არის სრულყოფილი და ეფექტური. განსაკუთრებით პრობლემურია ნინოწმინდაში არსებული პანსიონის მონიტორინგის საკითხი, რომელზე ფაქტობრივ ზედამხედველობას სახელმწიფო ვერ ახორციელებს.

2021 წლის 15 აპრილს და 19 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და არასრულწლოვან ბენეფიციარებთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების აღსრულება, რომლითაც მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისი შეფასებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა მეტი პასუხისმგებლობა და პროაქტიურობა გამოიჩინონ ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, არასრულწლოვანების მხარდაჭერის, ბავშვთა სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონის, მათი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხების მიმართულებით.

ომბუდსმენის განცხადებით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის  პრიორიტეტი უნდა იყოს და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ყველა ღონისძიება, არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესებსა და არსებულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს.

სახალხო დამცველის განცხადებით ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:

  • გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
  • გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსით და სახელმწიფომ უზრუნველყოს დიდი ზომის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
  • დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g