ყვარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ქუთათელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დაკავებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ერთმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა.
დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს.
მათ შორის ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი.
„ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება.
დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – განაცხადა ქუთათელაძემ.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე სოფლის მიმდებარედ ქეიფობდნენ, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო.
„დილის 4 საათზე დაგვიძახეს, გამოვედით.. ჩვენ ეზოში გაზრდილი ბავშვია, ძალიან ჭკვიანი. არ ვიცი რატომ მოკლეს, მოჩხუბარი იყო. ყური მოვკარი რომ პოლიციაში მუშაობს თავდამსხმელი. თქვეს, რომ კიდევ ერთი პირია დაჭრილი, მაგრამ არ ვიცი ვინ არის, ფეხები აქვს მოტეხილიო ამბობენ,“ – ამბობს „მთავარ არხთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.
„მითხრეს, რომ უქეიფიათო და მკვლელობა მოხდაო. ორივე მხარეს ვიცნობდი, მაგრამ არაფერი არ გამიგია ამ დილამდე. რატომ მოხდა ეს ამაზე შოკირებული ვარ,“- განუცხადა „მთავარ არხს“ ადგილობრივმა.