LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ვინც ჩემს კონცერტზე მოვა – უკრაინას დაეხმარება“ – ლობოდას საქველმოქმედო კონცერტი თბილისში 11 მაისს გაიმართება

212
ლობოდა

უკრაინელი მომღერალი ლობოდა  ევროპის ბევრ ქვეყანაში ძალიან უყვართ და პოპულარულია. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, შემსრულებელი აქტიურადაა ჩართული მოხალისეობაში. ამ დრომდე მან უკრაინის დასახმარებლად, სხვადასხვა ფონდებსა და ორგანიზაციებს 400 ათას ევროზე მეტი თანხა გადაურიცხა.

მომღერლის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ხალხს მშობლიურ ქალაქ ირპენში, რათა მათ სახლების თავიდან აშენება და მშობლიურ ადგილებში დაბრუნება შეძლონ.

სვეტლანამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა ახალი ალბომი სახელად „Made In U” და შემოსული თანხა მთლიანად გადაურიცხა ოჯახს, რომლის სახლიც რუსებმა მთლიანად დაანგრიეს, მომღერლის მშობლიური ქალაქ ირპენის მახლობლად მდებარე სოფელში.

2022 წელს ლობოდამ თავისი ქვეყნის მხარდასაჭერად დაიწყო საქველმოქმედო ტურნე მთელს მსოფლიოში. მან უკვე მოიარა ევროპისა და ამერიკის ქალაქები და 11 მაისს თბილისსაც ეწვევა. კონცერტი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე გაიმართება.

მოგვიყევით საქველმოქმედო კონცერტის შესახებ, სად და როდის გაიმართება, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, გაგვაცანით კონცერტის პროგრამა,

ჩემი სოლო კონცერტი საქართველოში არის იმ გლობალური საქველმოქმედო ტურის ნაწილი, რომელიც გასულ ზაფხულს დავიწყე. პირველი კონცერტი იყო რიგაში, ქალაქში სადაც ახლა ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. დღეისთვის კონცერტები ჩატარებული გვაქვს უკვე ევროპის რამდენიმე ქალაქში, ასევე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა – ყაზახეთი, უზბეკეთი, ისრაელი და ამერიკა. ძალიან მაბედნიერებს სავსე დარბაზების ნახვა და იმ ხალხისთვის სიმღერა, ვინც იმავე მიმართულებით იყურება საითაც მე.

კონცერტებზე ვსაუბრობ იმის შესახებ თუ რა ხდება ჩემს ქვეყანაში, რა მტკივა მე, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. არავის შეუძლია უცხო ტერიტორიაზე შეჭრა. მე იმაზე ვსაუბრობ, რომ ჩემმა ქვეყანამ და ხალხმა დაამტკიცა თუ რამდენად ძლიერები არიან, რამდენად ერთიანები არიან და აგრძელებენ წინ სვლას დანებების გარეშე.

ჩემი კონცერტი საქართველოში მხოლოდ გასართობი ხასიათის არ არის, მას საქველმოქმედო მიზნები აქვს.

კონკრეტულად ვის გადაერიცხება კონცერტიდან შემოსული თანხა?

ყველა კონცერტზე შემოსული თანხის ნაწილი ირიცხება ჩემი მშობლიური ქალაქის – ირპენის აღსადგენად. ჩვენ ვეხმარებით ხალხს სახლების შეკეთებაში, საკომუნიკაციო სისტემების აღდგენაში და ასევე დანგრეული ინფრასტრუქტურის თავიდან აშენებაში. ეს არის შანსი ბევრი ოჯახისთვის, რომ სახლში დაბრუნდეს. ყველა ვინც ჩემს კონცერტზე მოვა, უკრაინას დაეხმარება.

რომელია თქვენი საყვარელი ჰიტი და როგორ შეიქმნა ის, მოგვიყევით მისი ისტორია,

რჩეული სიმღერები არ მაქვს, ყველა კომპოზიციას აქვს თავისი ისტორია და თითოეულის შექმნას დიდი დრო დასჭირდა. ყველა სიმღერა მაშინ მოდის ჩემთან, როცა ამის ზუსტი დრო დგება. არის სიმღერები, რომელიც გარდამტეხია და მაშინ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ცვლილებების ზღვარზე ვიყავი. ერთ-ერთი ასეთია „Молитва“ („ლოცვა“) – რომელიც არის ჩემი სულის ტირილი. ეს სიმღერა უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაიწერა. ის მეილზე გამომიგზავნეს და როცა მოვუსმინე, რამდენიმე დღეში უკვე სტუდიაში ვიდექი და ვწერდი. მას შემდეგ ყოველ კონცერტს სწორედ ამ სიმღერით ვხსნი.

როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

ჩემი საქმე მთელი ჩემი ცხოვრებაა.

მთელი საიდუმლოც სწორედ ესაა.

მოგვიყევით იმ ჰიტებზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნა

2023 წლის მარტში ჩემი ახალი ალბომი „Made in U” გამოვიდა, რომელიც სულ რამდენიმე თვეში შეიქმნა. ის აერთიანებს ჩემს სულს, ემოციებს, გამოცდილებას. და გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი მთელს ჩემს შემოქმედებაში.

ალბომში შესული სიმღერებიდან, ერთ-ერთის სახელია „Ukrainian way” (უკრაინული გზა), სადაც მთავარი მესიჯი ისაა, რომ ჩვენ არასდროს დავთმობთ იმას რაც ჩვენ გვეკუთვნის, ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიებს. ასევე დავიცავთ ყველაფერს, რაც ჩვენს ტრადიციებთან და საფუძველთანაა დაკავშირებული.

ალბომში შემავალი ბევრი სიმღერა უკავშირდება დღევანდელ მოვლენებს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ალბომი ჩემს მიერ განცდილ ემოციებზეა აგებული.

მე ვხედავ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა ყველაზე რთულ დროშიც კი, ის ხდება მთავარი შთაგონება და იმპულსი. ჩვენ, არტისტებმა, ჩვენი შემოქმედებით უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მსმენელს და გულშემატკივარს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით ატარებთ საქველმოქმედო კონცერტებს, რომელია შემდეგი ქვეყანა?

საქართველოს შემდეგ გავფრინდები აშშ-ში, ლოს-ანჯელესში. უფრო მეტ დეტალს, უახლოეს მომავალში ჩემი სოციალური ქსელებიდან გაიგებთ. კონცერტები უკვე დაგეგმილი გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პორტუგალიაში, ინგლისში და ესპანეთში.

თბილისში დაგეგმილი კონცერტის ბილეთების შეძენა ამ ლინკზე შეგიძლიათ – https://biletebi.ge/gnt/loboda-loboda

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები