ფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პრობლემა ღრმა ბავშვობიდან იწყება.
„ყველაფერი იწყება ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ყველას, ვისაც არ ეზარება და მოუნდება, შეუძლია პატარა ბავშვი ხელში აიყვანოს, მოეფეროს, აკოცოს , ჩაჯუჯგნოს, ლოყები დაუწელოს და ეს ქცევა ნორმალიზებულია. მესმის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას (შეიძლება 100%-საც კი) კეთილი ზრახვები აქვს, მაგრამ შედეგი უარყოფითია – ბავშვი სწავლობს, რომ თუ უცნობი ადამიანი ეხუტება და ეფერება, ეს ნორმაა.
მეტიც – თუკი უცხო ადამიანი გამოელაპარაკება ბავშვს, გაუცინებს, კანფეტს აჩუქებს, მოფერებას ეცდება და ბავშვი პასუხს არ სცემს და გარიდებას ცდილობს, ბავშვს არცხვენს საზოგადოება და უზრდელს ეძახის.
უკვე გაზრდილ ადამიანებს ვეღარ აღვზრდით და ჩვენს შვილებს მაინც ვასწავლოთ, რომ არ უნდა დაელაპარაკონ უცხო ადამიანს, არ ჩაეხუტონ, არ მისცენ მოფერების უფლება და ეს უზრდელობა არ არის! პირიქით, ის ადამიანია უზრდელი, რომელიც უცერემონიოდ ლოყაზე გწვდება და თავზე ხელს გადაგისვამს. აბა თქვენს თავზე წარმოიდგინეთ იგივე – ზრდასრულ ადამიანს რომ მოგექცნენ ასე, რას იფიქრებდით და იზამდით? ჰოდა, ბავშვზე რატომ უნდა იყოს სხვანაირად?
პ.ს. მე არ ვიცი დღევანდელი ტრაგედიის დეტალები – რაც ზემოთ მიწერია, ზოგადია და ყველა სიტუაციას მიემართება. ამ ტრაგედიის გარეშეც იმავეს დავწერდი“. – წერს ცვატა ბერძენიშვილი.
12 წლის გოგონა, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. როგორც მოზარდის ბაბუა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა.
„ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ,“ - აღნიშნავს ბაბუა.
მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა“
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.
მომხდარს ეხმაურება საზოგადოების არაერთი ჯგუფი სოციალური ქსელის მეშვეობით.
იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“