LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა – დეპუტატების შეფასებები

242
Micheil-Saakaschwili_59b574029c52f

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები აფასებენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ფიქრობს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც აღდგება სამართლიანობა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პეტრო პოროშენკოს ბედს გაიზიარებს.

„ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში, ყველა პერიოდში აღმდგარა სამართლიანობა. გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა სააკაშვილს მოქალაქეობა – ფიზიკური ძალადობით გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ ის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა.

არავის ჰქონდეს იმედი, ვგულისხმობ ივანიშვილს, რომ იგი გაიზიარებს განსხვავებულ ბედს, ვიდრე გაიზიარა პოროშენკომ. ოთხჯერ უფრო მდიდარი პოროშენკო დაამარცხა ხალხმა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან, პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა. ფაქტი არის სახეზე, იგივე მოხდება საქართველოშიც“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ქართული ოცნებიდან წასული და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც.

“ვფიქრობ, რომ ზელენსკისაც მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. არ მგონია, რომ უკრაინაშიც ოპონენტების მხრიდან არ იყოს ეს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ”,-აცხადებს კობერიძე.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ნიშნავს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსმოსახლეობამ და ხელისუფლებამ ადგილი უკვე განუსაზღვრა.

“მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობის გონებაშიც და სამართლებრივადაც არის მკაფიოდ განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები წაყენებული და თუკი ის საქართველოში მოხვდება, ის ქმედებები იქნება განხორციელებული, რაც არის სამართლებრივ ჩარჩოში”,-აცხადებს ლევან კობერიძე

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კი  აცხადებს, რომ  ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეობასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, რამდენად ძვირი დაუჯდება უკრაინას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს.

“საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობისა და იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს. თუმცა მისმა კონსტრუქციულობამ დიდი ხანი ვერ გაძლო, ვინაიდან ლიდერობა ვფიქრობ, უსაფუძვლოდ, მის ფსიქოტიპში ზის.

რამდენად ძვირი დაუჯდება ზელენსკის, ვერ ვიტყვი. უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა არის დადებითი და სამართლიანი ნაბიჯი ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან

“მიგვაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა გამოდიოდნენ ერთობლივი ფრონტით საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციისთვის, ნატო-ში და ევროკავშირში მალე გაწევრიანებისთვის. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი, დადებითი ნაბიჯი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან”, — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სამართლიანად მიიჩნევს. ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი და მორალური პრობლემა.

„გაერთიანებული ერების კონვენციის მიხედვით, კატეგორიულად უნდა შემცირდეს მოქალაქეობის არმქონე ადამიანების რაოდენობა. არ შეიძლება, პირს ჩამოერთვას მოქალაქეობა, თუ ის რჩება მოქალაქეობის გარეშე. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ყოველთვის სამართლის, კონსტიტუციის, კანონმდებლობის გზით მივაღწევთ გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელმაც შექმნა თანამედროვე ეფექტური სახელმწიფო, რომლის დამსახურებით დღემდე არსებობს საქართველოს რესპუბლიკა, მას დაუტოვა ინსტიტუტები, ბიუჯეტი, დროშა და ჰიმნი, ჩამოართვეს მოქალაქეობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

უკვე გასაჯაროვდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, ხვალ 29 მაისს ჩავა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, უკრაინაში მისი დაბრუნება არ ნიშნავს, რომ საქართველოში გამარჯვებაზე უარს იტყვის.

სააკაშვილი: კიევში ხვალ ჩავფრინდები, დავეხმარები ზელენსკის და უკრაინელ ხალხს

სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა უფრო ახლოს იქნება ქართველ ხალხთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ პირიქით, ის ახლა უფრო ახლოს იქნება ქართველ ხალხთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები