LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილის პირველი ვეტო – პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო დაადო

106
სალომე საგანგებო

პრეზიდენტმა პირველი ვეტო დაადო კანონს მოსმენებზე – გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.

„მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ.

მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს – ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როდესაც პირიქით გთხოვენ, ამ მიმართულებით ჩვენ მეტი გარანტიები მივცეთ, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული. ჩემი დღევანდელი სათქმელი ეს არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე კრიტიკულად შეაფასეს.

როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ.

მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები