LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბავშვობიდან ვნატრობდი საკუთარ ავტომობილს, მართვა კი, 17 წლისამ ვისწავლე” – ირინა ონაშვილი

17
ირინა ონაშვილი

22 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ირინა ონაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და მრავალფეროვან გატაცებებზე ისაუბრა.

– ირინა, როდის გაგიტაცათ ავტორბოლამ და რატომ გადაწყვიტეთ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა?  

– წლების წინ რუსთავის ავტოდრომზე მოწყობილ ღონისძიებებში ვმონაწილეობდი მოყვარულის სტატუსით, მერე კი, პროფესიონალებთან მოვსინჯე შესაძლებლობები, რითაც ყველა გავაკვირვე. ალბათ, მაშინ გამიტაცა ავტორბოლამ და მსოფლიო ჩემპიონატშიც ენთუზიაზმით ჩავები. რა თქმა უნდა,  დღეს ყველაფერს ხალისით ვიხსენებ, თუმცა, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ტურნირი იყო.

– ვინ გასწავლათ ავტომობილის მართვა?

– ბავშვობიდან ვნატრობდი საკუთარ ავტომობილს, მართვა კი, 17 წლისამ ვისწავლე. ძალიან გამიხარდა, როცა „მისს საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებისთვის „მერსედესი“ მივიღე საჩუქრად. მართალია, ქალაქში მოძრაობა რთული აღმოჩნდა, მაგრამ სწრაფად ავუღე ალღო და სწორედ მაშინ ვიგრძენი ნამდვილი სიამოვნება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, სხვა ტურნირებშიც ხომ არ აპირებთ მონაწილეობას?

– არ მეგონა, რომ ავტორბოლა ასეთი აზარტული იქნებოდა. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ გაჩერებას.

– მეუღლე რამდენად კმაყოფილია თქვენი გატაცებით?

– ახლობლებმა იციან, რომ პერიოდულად ექსპერიმენტების, ახლის ძიების სურვილი მიჩნდება და მშვიდად ხვდებიან ყველა ჩემს წამოწყებას.

– როგორ მოირგეთ ტელეწამყვანის ამპლუა?

– ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.

– საავტორო გადაცემის გაკეთებას ხომ არ გეგმავთ?

– სიმართლე ვთქვა, არასდროს მიფიქრია, თუმცა ახლა აუცილებლად დავფიქრდები.

– როგორ ახერხებთ დატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე ოჯახისთვის დროის გამონახვას?

– ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან ოჯახისთვის მართლაც ნაკლებად მრჩება დრო. მაქსიმალურად ვცდილობ დაბალანსებას, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.

– ცოტა ხნის წინ ბიზნესშიც მოსინჯეთ შესაძლებლობები. ამდენ სფეროში საქმიანობისას, სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ყველაზე საინტერესოდ PR-სპეციალისტის საქმიანობა მეჩვენება. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ პუბლიკაზე გამოჩენაა ჩემთვის მთავარი, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე კომფორტულად ჩემს ოფისში ვარ, საყვარელი საქმის კეთებისას.

– ცნობილი პერსონებიდან ვის თვლით საუკეთესო მძღოლად?

– მანიკა ასათიანს, ნანიკო ხაზარაძეს, თათია თოფურიას და სანდრო ქაჯაიას, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, საოცარი მძღოლია.

– ვინაა თქვენი საყვარელი მომღერალი?

– ბოლო დროს სტინგის მუსიკამ გამიტაცა. ძალიან მიყვარს უიტნი ჰიუსტონი, ელტონ ჯონი და ჯორჯ მაიკლი. როგორც ჩანს, მე მაინც ძველი თაობის მუსიკოსები მომწონს.

– ხართ თუ არა რომანტიკოსი?

– რომანტიკოსი ნაკლებად, უფრო ემოციური ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები