LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BEKO წარმოების ნაწილის საქართველოში გადმოტანას გეგმავს – მეჰმეთ მელექი

4
meleki

როგორი აღმოჩნდა პანდემიური ერთი წელი კომპანია „ბეკოსთვის“, რა ხდებოდა ტექნიკის ბაზარზე, რა შეცვალა covid 19-მა მომხმარებლის ქცევაში – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა ისაუბრა.

– რა მოლოდინით იწყებს 2021 წელს „ბეკო“?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წელს ვიწყებთ პანდემიის დასრულების მოლოდინით, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის და კიდევ, ლარის კურსის სტაბილურობის მოლოდინით. ჩვენ 2021 წელსაც ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, არც ერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია ამ პერიოდში, აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ მყარად და კარგად გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.

– როგორი აღმოჩნდა პანდემიური ერთი წელი თქვენი კომპანიისთვის?

მარტი, აპრილის და მაისის თვეები, პანდემიის გამო, დაკეტილი იყო ჩვენი მაღაზიები, ასევე დეკემბერში. აქედან გამომდინარე, გაყიდვების კუთხით, 2020 წლის დასაწყისში რა მოლოდინიც გვქონდა, ის მოლოდინი არ გამართლდა. წლის შედეგებზე რომ ვისაუბროთ, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, ნაკლები რეალიზაცია გვქონდა.

– რა შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ “ბეკოს” საქმიანობაში?

შეიცვალა მუშაობის პრინციპი. მაგალითად, ონლაინ მაღაზიებზე გაკეთდა ძალიან დიდი აქცენტი და გაიზარდა მათზე მოთხოვნა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელიც.

-თუ შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც? მაგალითად, თუ იყო ტექნიკა, რომელზეც პანდემიის პერიოდში მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა?

კი, არის ასეთები. მაგალითად, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო მაცივრებზე – მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში ხალხი კარანტინში, სახლში იყო, სასურსათო პროდუქციას იმარაგებდა ყველა და ამის შესანახად საყინულე და მაცივრები სჭირდებოდათ. ამის გარდა, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო გაზქურებზე, ასევე სარეცხის მანქანასა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე. რაც შეეხება მოთხოვნის კლებას, ყველაზე მეტად შემცირდა კონდიციონერის გაყიდვები, რადგან, ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციით, 2020 წელს კონდიციონერის გამოყენება აკრძალული იყო, აქედან გამომდინარე, ამ ტექნიკაზე მოთხოვნა შემცირდა.

– ამ ეტაპზე, რამდენი მაღაზიით არის წარმოდგენილი „ბეკო“ საქართველოში და რამდენ ადამიანს ასაქმებს?

სულ 68 მაღაზია გვაქვს საქართველოში, თუმცა, ამჟამად, 8 დიდ ქალაქში მაღაზიები დაკეტილია, კერძოდ 31 მაღაზია. დანარჩენი 37 მაღაზია რეგიონების მასშტაბით ფუნქციონირებას აგრძელებს. საქართველოში დასაქმებული გვყავს 700 ადამიანი. ამ დროისთვის, 300 თანამშრომელი მუშაობას აქტიურად აგრძელებს, დანარჩენი 400 კი 1-ლი თებერვლიდან განაახლებს საქმიანობას.

– თუ აპირებთ ქსელის გაფართოებას?

ეს დამოკიდებულია პანდემიაზე. თუ კორონავირუსმა უკან დაიხია და სიტუაცია დასტაბილურდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგეგმება ახალი მაღაზიების გახსნა, მაგრამ ეს 2021 წლის პირველ ნახევარში არ განიხილება. გარდა ამისა, ვაპირებთ წარმოების ნაწილის საქართველოში გადმოტანასაც, თუმცა, ეს ყველაფერი ასევე კავშირშია პანდემიასთან, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები