LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან ბედნიერი ვარ თეატრში დაბრუნებით, საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა, ამიტომ „შეყრაზე“ მუშაობისას ცოტა ვინერვიულე” – სოფო ნიჟარაძე

9
სოფო-ნიჟარაძე

20 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა.

– სოფო, რა დადგმაზე მუშაობთ ახლა?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ თეატრში დაბრუნებით. საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა, ამიტომ „შეყრაზე“ მუშაობისას ცოტა ვინერვიულე, რადგან არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა ჩვეული ფორმის დაბრუნებას. მართალია, მთელი დასი მამშვიდებდა და მამხნევებდა, მაგრამ მხოლოდ სპექტაკლის დასრულების შემდეგ ამოვისუნთქე შვებით და შევიგრძენი სცენაზე დაბრუნების მთელი ბედნიერება. სამომავლოდ რამდენიმე ახალ მუსიკალურ სპექტაკლზე ვგეგმავ მუშაობას დათო დოიაშვილთან ერთად.

– მუსიკალურ სფეროში რა სიახლეებია?

– აქტიურად ვთანამშრომლობ რუსა მორჩილაძესთან, ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუმცა წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. ძალიან მიყვარს რუსას სიმღერები, უნიკალური ადამიანია, რადგან თითქმის ყველა ჟანრში მუშაობს და ნებისმიერ მომღერალს ზუსტად არგებს სიმღერას. სავარაუდოდ, მუშაობას ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ შევუდგებით, რადგან მანამდე ორივე დაკავებული ვართ. შემოთავაზება მივიღე დათო არჩვაძისგანაც, რომელსაც სიმღერა ჰქონია ჩემთვის. როგორც თვითონ მითხრა, ზუსტად ისეთი სიმღერაა, როგორიც მჭირდება და ჩემს სტილს მოუხდება.

– სოლო კონცერტის მოწყობას ხომ არ გეგმავ?

– უამრავი სიმღერა დამიგროვდა, ამიტომ მასშტაბურ კონცერტზეც დავიწყე ფიქრი. თუმცა, არ მინდა პროგრამის მხოლოდ ძველი სიმღერებით შედგენა, ამიტომ რამდენიმე ახალი კომპოზიციის შემდეგ უკვე სერიოზულად შევუდგები კონცერტისთვის მზადებას.

– უამრავ მუსიკოსთან გიმუშავიათ, რომელ დუეტი გიყვართ ყველაზე მეტად?

– ძალიან მომწონს გიორგი უშიკიშვილთან ერთად სიმღერა.

– როგორ ემზადებით ახალი წლისთვის?

– მართალია, ბათუმის კონცერტზე მიმიწვიეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ბავშვის გარეშე არსად დავდივარ, მისი ბათუმში წაყვანა კი, ძალიან გამიჭირდება.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ბავშვის დაბადების შემდეგ?

– რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიცვალა. მთელ დროს მასთან ვატარებ, ამიტომ ძალიან უჭირს ჩემს გარეშე გაძლება. ძალიან მოსწონს თეატრი, საშინლად აინტერესებს როგორ ვმღერი და ვთამაშობ სცენაზე.

– დედას უფრო ჰგავს ხასიათით, თუ მამას?

– ჯერ პატარაა, ამიტომ ხასიათი ჯერ არ ჩამოჰყალიბებია, თუმცა ძალიან ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს. სწრაფად სწავლობს უცხო ენებს, კარგად ესმის ინგლისური და მოსწონს ინგლისურად ლაპარაკი.

– რამდენად რთულია იყო კარგი დედა?

– ძალიან რთულია, რადგან ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა.

– რატომ გადაწყვიტეთ მომღერლობა?

– მართალია, მამა კარგად მღერის და ზოგადად, ნიჟარაძეები ძალიან მუსიკალურები არიან,  მაგრამ ოჯახის წევრების და ნათესავების უმეტესობამ მაინც მედიცინა აირჩია საქმიანობის სფეროდ. მე როგორც ჩანს მამის გენი გამომყვა და ადრეული ასაკიდანვე ავმღერდი.

– როგორც ვიცი, ისე მოიხიბლა თქვენი სიმღერით ჯანსუღ კახიძე, რომ 7 წლის ასაკში ფილმში „იავნანამ რა ჰქმნა“ მიგიწვიათ,

– იმ პერიოდში თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში ვსწავლობდი. სწორედ მან მომცა ალილოში მცირე პარტიის შესრულების საშუალება. ძალიან მიყვარს ფილმიც და სიმღერაც, რადგან სწორედ ამ კომპოზიციით შედგა ჩემი დებიუტი. საერთოდ, ძალიან დატვირთული ბავშვობა მქონდა, რადგან უამრავ პროექტში ვმონაწილეობდი. კარგად მახსოვს „რომეო და ჯულიეტას“ პრემიერა, რომელიც საფრანგეთში დაიდგა. საკმაოდ რთული იყო ფრანგულ დასში მოხვედრა, ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობის აღება მომიხდა საკუთარ თავზე.

– რამდენად ემოციური ხართ?

– საკმაოდ ემოციური ვარ, თუმცა ნაკლებად გამოხატავ, ამიტომ ბევრს ძალიან მშვიდი და თავშეკავებული ვგონივარ.

– უცხოეთიდან ხომ არ გაქვთ შემოთავაზება?

– მასშტაბურ პროექტში ვგეგმავდი მონაწილეობას, თუმცა პანდემიამ ყველაფრის გაურკვეველი დროით გადადება გვაიძულა.

– როგორ აღნიშნავთ ახალ წელს, განსაკუთრებული ოჯახური ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

– ახალი წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით. კერძებს მეტწილად დედა ამზადებს, მე კი, ნაძვის ხის მორთვა მირჩევნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები