LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დამაკლდა ბუბა და დღემდე ვერ ვეგუები მის არ ყოფნას, ძალიან გამიჭირდა სიმღერის ჩაწერაც, რადგან ემოციებმა მძლია და ხმა დავკარგე” – ნანი ბრეგვაძე

16
ნანი-ბრეგვაძე

12 ივლისს რადიო „ფორტუნას’’ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM’’-ს ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე  სტუმრობდნენ, რომელმაც ნატალია ქუთათელაძის ჩილეში წარმატებულ გასტროლებზე და 19 ივლისს ბათუმში, ბუბა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ეკა, სულ კონტაქტზე ხართ ქალიშვილთან, როგორი განწყობა აქვს ნატალიას?

– საერთო ჯამში ოთხი სპექტაკლი ჩაატარა, ჩვენც ბედნიერები ვართ და თვითონაც  კმაყოფილია. მართალია, ძალიან შორს – ჩილეს დედაქალაქში – სანტიაგოში მოუწია 6 კვირით გამგზავრება, მაგრამ მეუღლე და შვილიც მის გვერდით იყვნენ და ასე შეუმსუბუქეს შორეული მოგზაურობა.

– უამრავი კომენტარი გავრცელდა, პუბლიკამ დადებითად შეფასდა მისი კარმენი და დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა,

– ყოველთვის დიდი ბედნიერებაა შვილის წარმატება. მართლაც საოცარი გამოსვლა ჰქონდა და იმედი მაქვს სწორედ კარმენი იქნება დიდი წარმატების დასაწყისი.

– შეთავაზება ხომ არ მიუღია სხვა თეატრებისა და რეჟისორებისგან?

– რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.

– რამდენადაც ვიცი, მალე ერთობლივი კონცერტის გამართვას გეგმავთ,

– ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რამდენიმე დღეში ჩამოვა ნატალია და კონცერტის დეტალებზეც მერე ვისაუბრებთ.

– 19 ივლისს ბათუმში აპირებთ კონცერტის გამართვას და ბუბა კიკაბიძის იუბილეს აღნიშვნას,

– ალბათ იცით, რომ ნანიმ და ემინ აგალაროვმა სიმღერა „ყვავილების ქვეყანა’’ ჩაწერეს და კლიპი გადაიღეს, რომელიც ბუბას ხსოვნის მიეძღვნა. სიმღერის ჩაწერას ემინი ბუბასთან ერთად გეგმავდა, თუმცა ვერ მოესწრო, მერე კი, ნანის შესთავაზა.  ძალიან სევდიანი სიმღერა გამოვიდა, თუმცა ზუსტად ასახა ის ტკივილი, რომელიც ბუბამ დაგვიტოვა. თურმე დრო არაფერს კურნავს, პირიქით, რაც დრო გადის სულ უფრო მტკივნეულად ვგრძნობთ დანაკარგს, მხოლოდ ახლა ვხვდებით რა ბედნიერი ვიყავით, როცა ბუბა ჩვენს გვერდით იყო. ძალიან უყვარდა ბათუმში კონცერტის მოწყობა, ყოველთვის საოცარ ზეიმს მართავდა საკუთარ დაბადების დღეზე და იმედი მაქვს წელსაც ასე იქნება.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

– ქალბატონო ნანი, როგორ მოგწონთ ახალი სიმღერა და კლიპი?

– სიმღერის ჩაწერის იდეა ემინს ეკუთვნის, რომელსაც ძალიან უყვარდა ბუბა და ყოველთვის უნდოდა მასთან ერთად სიმღერის გაკეთება. მართალია, ტექსტის თარგმანს აპირებდა, მაგრამ ბუბამ არ მისცა უფლება და მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ სიმღერა ქართულად შესრულდებოდა. როგორც ჩანს, ენიმიც მიხვდა, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ თვითონაც ქართულად იმღერებდა, ამიტომ ენა ისწავლა და ბრწყინვალედ შეასრულა. საერთოდ, ბუბა ძალიან უყვარდათ ბაქოში, მაღაზიები იკეტებოდა, მთელი ქალაქი ქუჩაში გამოდიოდა და ბუბას მისდევდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ემინმა მე შემომთავაზა  დუეტის ჩაწერა, თავიდან უარი ვუთხარი, რადგან არასდროს მიფიქრია, რომ ,,ყვავილების ქვეყანა’’ ჩემი სიმღერა იყო, თუმცა ყურადღებით მოვუსმინე და მივხვდი, რომ ძალიან სიღრმისეული სიმღერა იყო საოცარი ტექსტით და არაჩვეულებრივად გადმოსცემს იმ უზარმაზარ გრძნობას, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ძალიან დამაკლდა ბუბა და დღემდე ვერ ვეგუები მის არ ყოფნას, ძალიან გამიჭირდა სიმღერის ჩაწერაც, რადგან ემოციებმა მძლია და ხმა დავკარგე.

– ალბათ, თქვენც მიიღებთ მონაწილეობას 19 ივლისს დაგეგმილ კონცერტში?

– რა თქმა უნდა, სხვანაირად წარმოუდგენელია. ძალიან მიხარია, რომ ემინიც გეგმავს ჩამოსვლას და კონცერტში მონაწილეობას.

– როგორ შეაფასებთ ნატალიას წარმატებას და მის კარმენს?

– ძალიან ვნერვიულობდი, რადგან კარმენის პარტია ერთ-ერთი ურთულესია საოპერო ხელოვნებაში, თუმცა ბრწყინვალედ გაართვა თავი ურთულეს მისიას, რაც პირველ რიგში მონდომების და დაუღალავი შრომის შედეგია.

– როგორ ახერხებთ ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნებას?

– არ ვიცი, ბევრი მეკითხება, მაგრამ პასუხი არასდროს მაქვს, რადგან განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ.

ვიდეო: ნატალია ქუთათელაძის დებიუტი ჩილეში, სადაც ქართველ მომღერალს ხანგრძლივად უკრავდნენ ტაშს კარმენის შესრულების გამო

ვიდეო: ნანი ბრეგვაძის ახალი კლიპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები