LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გამიმართლა როცა ჯაკომოს შევხვდი” – თეონა დვალი

9
teona-dvali.

გადაცემის ლაივი LIVE

22 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ოპერის მომღერალი თეონა დვალი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– თეონა, მართალია, ძალიან მუსიკალურ ოჯახში გაიზარდეთ, მაგრამ ოპერამ მხოლოდ თქვენ გაგიტაცათ. საინტერესოა, რატომ აირჩიეთ სწორედ ეს სფერო?

– ბავშვობიდან ვმღერი და კონკურსებშიც ხშირად ვმონაწილეობდი. სწორედ ერთ-ერთი კონკურსანტის მშობელმა შეამჩნია ჩემი ვოკალური მონაცემები და დედას პედაგოგთან მიყვანა ურჩია, რომელმაც რამდენიმე სავარჯიშოს შესრულების შემდეგ სერიოზულად მეცადინეობა შემომთავაზა. ამასთანავე, მთელი ბავშვობა ჩვენი ნათესავის, ბატონ დავით თორაძის ოჯახში, არაჩვეულებრივ მუსიკალურ სამყაროში გავატარე და ძალიან შევიყვარე ეს სფერო.

– გამორჩეულ გამოსვლას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– უამრავი სადებიუტო და საპრემიერო გამოსვლა მქონდა, თუმცა პირველ რიგში მაინც ბათუმის თეატრის სცენაზე შესრულებულ  ლუჩიას პარტიას გამოვყოფდი დონიცეტის ოპერიდან „ლუჩია დი ლამერმური“ და ვიოლეტას ვერდის „ტრავიატადან“. ყოველთვის ძალიან მინდოდა საკუთარი თავის ლუჩიას როლში მოსინჯვა, რადგან ვთვლიდი, რომ ემოციურად და დრამატურგიულად ძალიან რთული შესასრულებელი პარტია იყო.

– რამდენად გეხმარებათ მეუღლე პროფესიულ საქმიანობაში?

– ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა როცა ჯაკომოს შევხვდი. ბევრს გაუკვირდა, როცა  ორი ქორწილი გადავიხადეთ, თუმცა გასაკვირი არაფერია, რადგან ჯერ იტალიაში ავღნიშნეთ ჯაკომოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მერე საქართველოში და როგორც მისმა ახლობლებმა აღნიშნეს, ძალიან მუსიკალური წვეულება გამოგვივიდა, რაც პირველ რიგში ჩემი მუსიკოსი მეგობრების დამსახურებაა.

– გაქვთ თუ არა საოცნებო პარტია და ვისთან ერთად ისურვებდით მის შესრულებას?

– ძალიან მინდა მოცარტის ოპერებში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა, რადგან ძალიან ნიჭიერი შემსრულებლები გვყავს და ყველას დიდ პატივს ვცემ.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ძალიან მიყვარს კითხვა, ბილიარდის თამაში და ყოველთვის სიამოვნებით ვსტუმრობ კინოთეატრს მეგობრებთან ერთად.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს და თბილისშიც სწორედ იმიტომ დავრჩი, რომ მშვიდად ვიმეცადინო ჩემს საყვარელ პედაგოგთან, ქალბატონ გულიკო კარიაულთან ერთად.

– ვის გამოარჩევდით ქართველ შემსრულებლებს შორის?

– ძალიან მომწონს ანიტა რაჭველიშვილი და ნინო მაჩაიძე, ნინო სურგულაძე და ქეთევან ქემოკლიძე. ერთი სიტყვით, ყველას ვგულშმატკივრობ და მიხარია მათი წარმატება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები