LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გასახარი არაფერია, როცა არც კუთხე გაქვს საკუთარი, არც სახლი… თუმცა, ძალიან არ მიყვარს მთხოვნელის პოზიციაში ყოფნა” – ეკა კვალიაშვილი ,,არტ-Fm”-ში

10
ekagvaliashvili2025

23 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი ეკა კვალიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ექსტრასენსორულ შესაძლებლობებზე, პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ეკა, უკვე ორი შვილიშვილი გყავთ, როგორი ბებია ხართ?

– ყველას და ყველაფრის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებით.

– მოგვიყევით ცოტა რამ მათ შესახებ?

– ლუკა 7 წლისაა, ალექსანდრე კი, ზაფხულში გახდა 5 წლის. კარგი ბიჭები არიან. სხვა ბავშვების მსგავასად, მათაც ძალიან უყვართ ტელეფონის თამაშები, რომლითაც მე ნაკლებად ვინტერესდები. მეტიც, ტელევიზორის პულტი გამიფუჭდა და არც მიდარდია, რადგან საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს. ჩემს აღზრდაში მამამ შეიტანა დიდი წვლილი, ამიტომ ე.წ. მამაკაცური თვისებები – პასუხისმგებლობა, სიტყვის კაცობა, მადლიერების გრძნობა ჩემში ადრეული ასაკიდანვე ღრმად გაჯდა და ზუსტად იგივეს ვასწავლი ჩემს ბიჭებსაც. მამას სურათი მაქვს, მისი შემხედვარე ლუკა ყოველ საღამოს ტირის, ამბობს, რომ ძალიან უყვარს ბაბუა, თუმცა სინამდვილეში არასდროს უნახავს. თუმცა ბევრ ისტორიას ისმენს და იცის, რომ კარგი კაცი იყო.

– აქვთ თუ არა მუსიკალური მონაცემები და გინდათ თუ არა, რომ ამ სფეროს გაყვნენ?

– კი, ნამდვილად აქვთ. თუმცა, ნაკლებად მნიშვნელოვანია მე რა მინდა. არსებობს ერთი დაუწერელი კანონი, რომელსაც კოსმიური ანუ თავისუფალი ნება ჰქვია, რომელიც ყველამ გონივრულად უნდა გამოიყენოს. მთავარია სწორად წარმართონ საკუთარი ცხოვრება, ოქროს შუალედის მონახვა ისწავლონ და მნიშვნელობა არ აქვს მუსიკოსები იქნებიან თუ ინჟინრები.

– კოსმოსზე ავლაპარაკდით და ამიტომ გამახსენდა, ხშირად უთქვამთ თქვენს მეგობრებს, რომ წინასწარ იცით ის, რაც სხვამ არ იცის. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

– რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველი არ ვარ. უბრალოდ 17 წლიდან მაქვს ე.წ. ხილვა-სიზმრები. სიზმარში ადამიანი უფრო ადვილად გადის ასტრალურ შრეებში, უფრო თავისუფალია ხორციელი ვნებებისგან და უფრო თავისუფლად უკავშირდება თავის უმაღლეს „მეს“, რომელიც სინერგიაში ანუ უფალთანაა კავშირში.

– იქნებ ერთი მარტივი მაგალითი მოგვიყვანოთ, როცა სხვებზე ადრე იცოდით. ჩემთვის აქვთ მოყოლილი ისტორია თქვენი მოგზაურობის შესახებ, როცა წინასწარ იცოდით რა მოხდებოდა,

– სინამდვილეში წინასწარ არაფერი არ ვიცი, უბრალოდ რაღაცეებს ვგრძნობ. მოულოდნელად მეცვლება განწყობა და კადრებად ვხედავ გარკვეულ მოვლენებს. თუმცა, ახლა ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ადრე უფრო მეტად ვფიქრობდი, რადგან თითქოს ჩემი შინაგანი მე სადღაც გარბოდა, მოივლიდა ვიღაცეების ტვინს და მეძებარი ძაღლივით მოჰქონდა ჩემთან ინფორმაცია, რომელიც არაფერში მჭირდებოდა. მეტიც, ყველაფერი ქაოტურად მესმოდა და ძალიან ვწუხდებოდი. მერე ეკლესიაში მივედი, მამაომ ლოცვები წამიკითხა, თუმცა ხილვები გამიძლიერდა. რადგან სხვა გზა არ იყო, თვითონ დავიწყე საკუთარ ენერგიაზე მუშაობა. ღმერთს შევევედრე, რომ არ მჭირდებოდა სხვისი აზრების ცოდნა, რომელთაც გონების ერთ პატარა კუნჭულში მივუჩინე ადგილი და მაგრად ჩავკეტე კარი.

– თქვენს არაერთ მეგობარს უთქვამს, რომ თავის ტკივილის მოხსნა შგიძლიათ

– მაია დათუნაშვილს ჰქონდა შაკიკი. ერთად ვიყავით ტელევიზიაში ჩაწერაზე და სწორედ მაშინ დაეწყო საშინელი თავის ტკივილი, რომელიც ვერაფრით გაიყუჩა. ჯერ თავზე, მერე ნიკააპზე გადავუსვი ხელი და თავის ტკივილიც მოეხსნა. მეორე შემთხვევა დაახლოებით სამი წლის წინ მქონდა, როცა ჩემს მეგობართან გოგონა მოვიდა, რომელსაც ქალური პრობლემები ჰქონდა და ტკივილგამაყუჩებელს სვამდა. უცებ გამიელვა თავში, რომ არ იყო საჭირო წამლის მიღება, ჩემთან დავუძახე, ხელი მივადა და იმასაც გაუარა ტკივილმა.

– ასეთი განსაკუთრებული მონაცემების პატრონი ხართ თუ არა დღეს კმაყოფილი იმით, რაც  გაქვთ?

–  სამწუხაროდ, დღეს არაჩვეულებრივი მონაცემების მფლობელი უამრავი ადამიანი ზის უსაქმოდ, რადგან რთული დროა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მიაწოდო ინფორმაცია, დაეხმარო ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობებით ისე, რომ არ იფიქროს, თითქოს ცოტა „გაკლია“. შესაძლოა შეშლილად ჩაგთვალონ, უამრავი არასასიამოვნო მოგაკერონ, მაშინ როცა შენ მართლა შეგიძლია სხვების დახმარება. მე ნაკლებად ვამჟღავნებ საკუთარ შესაძლებლობებს. მე პირველ რიიგში მომღერალი ეკა კვალიაშვილი ვარ, რომელსაც ყველა ძალიან უყვარს. სხვათა შორის, ამგვარი შესაძლებლობები ძალიან მეხმარება სიმღერაში, სცენაზე გამოსული არა ერთიან პუბლიკას, არამედ ერთ ადამიანად ვგრძნობ უამრავ მაყურებელს, ამიტომ ჩემს ფლუიდებს, უზარმაზარ სიყვარულს და ენერგიას ყოველთვის სიმღერით და ჩემი ხმით ვუგზავნი. მქონია შემთხვევები, რომ ჩემი კონცერტის შემდეგ ადამიანები გამოჯანმრთელებულან, ისიც კი, ვიფიქრე სამედიცინო სფეროში ხომ არ დამეწყო მუშაობა.

– 39 წლია ემსახურებით საქმეს, რასაც სიმღერის და მსმენელის სიყვარული ჰქვია. რა მოგიტანათ ამ 39 წელმა

– გასახარი არაფერია, როცა არც კუთხე გაქვს საკუთარი, არც სახლი. თუმცა, ძალიან არ მიყვარს მთხოვნელის პოზიციაში ყოფნა.

– ბევრჯერ ყოფილა მომენტები, თუნდაც მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემების შეგექმნათ, მაგრამ არ მახსოვს, ვინმესთვის რაიმე გეთხოვათ

– მართალია. ჩემს მეგობრებს ბევრჯერ მოუგვარებიათ რაღაცეები, მაგრამ პირადად მე არავისთვის არაფერი მითხოვია. არ შემიძლია მთხოვნელის თუ მათხოვრის პოზიციაში დგომა. ვინმეს თუ სიკეთის გაკეთება შეუძლია, გააკეთოს, სიამოვნებით მივიღებ, მაგრამ თხოვნას ნამდვილად არ ვაპირებ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, საჩუქრების გაკეთებაც მიყვარს და მათი მიღებაც. შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ შევიშალე, მაგრამ მაინც ყველა უპირობოდ მიყვარს. ვიღაც ალბათ იფიქრებს, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ის, ვინც ბოროტება გაგიკეთა, მაგრამ მე მისი ღვთიური საწყისი მიყვარს, დანარჩენს კი, უბრალოდ არ ვეთანხმები.

– ალბათ, სწორედ ესაა თქვენი მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო. რამდენადაც ვიცი, არასდროს მიგიმართავთ სამედიცინო ცენტრისა და პლასტიკური ქირურგიისთვის,

– რა თქმა უნდა, არა. ზოგი ისე განიცდის საკუთარ ასაკს, დაბადების დღესაც არ იხდის, ზოგისთვის, მათ შორის ჩემთვის კი – ასაკი გამოცდილებაა. ჩემთვის არ არსებობს სიბერე. როგორ შეიძლება დაბერდეს სული?! ადამიანი სულის სარკეა, სინამდვილეში, სწორედ სული გვმოსავს და არა პირიქით, ამიტომ კარგ ადამიანებს სიბერე არ ემუქრებათ.

– მართალია, მე არ მჯერა, მაგრამ ამბობენ, რომ ძალიან მძიმე ხასიათი გაქვთ. რომელი იყო ყველაზე საშინელი ჭორი, რომელმაც მდგომარეობიდან გამოგიყვანათ?

– ადრე უფრო ვღიზიანდებოდი, ახლა კი, ძალიან მეცოდებიან ისინი, ვინც ჩემზე ჭორებს ავრცელებს.

– ბევრ კომპოზიტორს აქვს დაწერილი სიმღერა სპეციალურად თქვენვის. გითქვამთ თუ არა ვინმესთვის უარი და რა მიზეზით?

– ასეთი არავინ მახსენდება. საერთოდ, ძალიან ხათრიანი ადამიანი ვარ.

– ამბობდნენ, თითქოს ერთ სიმღერაზე თქვით უარი, რომელიც სხვის რეპერტუარში იყო

– კი, მსგავსი ისტორია მართლაც შემემთხვა მოსკოვში. 2009 წელს, არაჩვეულებრივმა ადამიანმა მიხეილ შვიდკოიმ გადაცემაში „ცხოვრება მშვენიერია“ მიმიწვია. მე და ნიკუშა ადიკაშვილი წავედით. ნიკუშას ჩემთვის უნდა დაეკრა, თუმცა იქაურმა პიანისტმა პედალი გაუთიშა და სინთეზატორზე დასვა, რადგან ეგონა, რომ ვერ დაუკრავდა. თუმცა, ისეთი გამოსვლა გვქონდა, მთელი დარბაზი ცხარე ცრემლით ტიროდა. პროდიუსერმა შემდეგ გადაცემაშიც მიმიწვია და თამრიკო გვერდწითელის რეპერტუარიდან შემომთავაზა სიმღერის შესრულება, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ძალიან გაუკვირდა და ავუხსენი, რომ არ იქნებოდა სწორი თამრიკოს სიმღერის შესრულება. „Мохнатый шмель“  ავირჩიე და სწორედ ის ვიმღერე. მსგავსი შემთხვევა მქონდა საქართველოშიც. ლელა წურწუმიას აქვს რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი სიმღერა, რომლის შესრულება საახალწლო გადაცემაში შემომთავაზა, თუმცა მასაც უარი ვუთხარი. ძალიან არ მინდოდა ლელას გაჰიტებული სიმღერის გადამღერება, რადგან ჩავთვალე, რომ მსგავსი ქცევა ძალიან უხერხული იქნებოდა ჩემს კოლეგასთან. მახსოვს, რუსამ მითხრა, „მე ვარ სიმღერის კომპოზიტორი და მე ასე მინდაო“, მე კი, ვუპასუხე, „მე მომღერალი ვარ და მე ასე არ მინდა მეთქი“.

– ძალიან კარგი ისტორია გამახსენდა, რომელიც ჩაკა ჰანის პროდიუსერს უკავშირდება. როგორც ვიცი, ძალიან გთხოვდათ საქართველოდან წასვლას და მეექვსე შვილად შვილებასაც გპირდებოდათ

– საოცრი კომპოზიტორი, ძალიან საყვარელი კაცი იყო, სულ აქეთ-იქით გაურბოდა თვალები და ვერასდროს გაიგებდი საით იყურებოდა. უამრავ ცნობილ მუსიკოსთან მეგობრობდა, მერე კი ჩაკა ჰანის პროდიუსერი გახდა. მართლაც შემომთავაზა თანამშრომლობა, არაჩვეულებრივი სიმღერა Life and Love მაჩუქა, თუმცა ახალი გათხოვილი, ფეხმძიმედ ვიყავი და უარი ვუთხარი.

– მთავარი შეკითხვა, რომელსაც მუდმივად უსვამთ საკუთარ თავს?

– რა გამომეპარა? სად შემეშალა? – სულ ამას ვეკითხები საკუთარ თავს და ვცდილობ ყველა შეცდომა გამოვასწორო. შეცდომები მქონდა პირად ცხოვრებაშიც. მართალია, არაჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ ჩემი მეუღლეები, მაგრამ სრულიად განსხვავებული ადამიანები აღმოვჩნდით. შესაძლოა თავიდან ბევრის იმედი გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, რომ არ ვიყავით ერთმანეთისთვის შექმნილი. ისინი საკუთარ ცხოვრებაში არიან კარგები, მე კი, ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამას ვეკითხები საკუთარ თავს, სად ვეძებდი და რატომ ავირჩიე ასეთები? როგორც ჩანს, იქ არ ვეძებდი, სადაც საჭირო იყო.

– როგორ ფიქრობთ, ახლა გვიანაა სწორ ადგილას ძებნა?

– რა თქმა უნდა, არა. გვიან არასდროსაა და გამორიცხულიც არაფერია.

– ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ყველაზე ზუსტად ერგება თქვენს ცხოვრებას?

– სიმართლე ვთვა, არასდროს მიფიქრია მაგაზე. თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყვი, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ხელებს ურევს ტალახში. რა თქმა უნდა, ამ ტალახიდან სიბინძურის მეტს ვერაფერს ამოიღებს, ან თუნდაც ნაგავში იქექება და რაღაცას პოულობს. რაც არ უნდა ძვირფასი იყოს მისი აღმოჩენა, ის ხომ მაინც ბინძური იქნება, ამიტომ ადამიანმა ცოტა ზევით უნდა აიწიოს ცნობიერებით და ცოტა ზევით ეძებოს რაღაცეები.

– რას თვლით საკუთარ სუსტ და ძლიერ მხრეებად?

– მოდით, სისუსტეებზე ნუ ვილაპარაკებთ, ძლიერ მხარედ კი – საკუთარ სიძლიერეს ვთვლი.

– როგორ ფიქრობთ, სად იქნებით 20 წლის შემდეგ და რას გააკეთებთ?

– მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქმები, მაგრამ დარწმუნებული ვარ 20 წლის შემდეგაც ძალიან ახალგაზრდა და გონიერი, ბევრად უკეთესი შესახედი ვიქნები, აუცილებლად მექნება საკუთარი სახლი ფანტასტიკური ეზოთი, სადაც ყველას მწვადზე დაგპატიჟებთ. აუცილებლად განვახორციელებ ჩემს იდეებს, სამი ძალიან სერიოზული პროექტი მაქვს, მართალია, სირბილი მომიწევს, მაგრამ მაინც შევძლებ მათ განხორციელებას. სხვათაშორის, ძველი სიმღერის „გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს“ განახლებას ვგეგმავ, ძალიან საინტერესო კლიპი მაქვს მოფიქრებული. აუცილებლად ჩავწერ ახლო მომავალში და სწორედ თქვენ შემოგთავაზებთ ექსკლუზიურად.

– რომელ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?

– ზუსტად იმ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობ, რადგან ძალიან კარგ ეტაპზე გადავდივართ, ამიტომ ყველას ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ ეპოქაში ვართ.

– როგორ ფიქრობთ, როგორ გახასიათებენ უცხოები?

– პირდაპირი ურთიერთობისას ყოველთვის პოზიტივს ვღებულობ, ზურგს უკან კი, ბევრს ჭორაობენ. ადრე ხშირად მომდიოდა მსგავსი ჭორები. ერთი ჩემი მეგობრისთვის უთქვამთ ჩემზე, „ძალიან მძიმე ხასიათი აქვს და როგორ მეგობრობ მასთანო?!“  რაზეც ჩემმა მეგობარმა უპასუხა, „პირიქით მასავით რბილი ადამიანი არ არსებობს, არ იცნობთ და როგორ ბედავთ მასზე „ტლიკინსო?!“ ყოველთვის მაკვირვებდა, რატომ უყვართ ადამიანებს სხვის ნათქვამს აყოლა და სრულიად უცნობი ადამიანის გაჭორვა. სწორედ ამას ჰქვია უქმად მეტყველება და ღვთისგან ბოძებული დროის ფუჭად ხარჯვა. სიმართლე ვთქვა, დღეს ძალიან არ მაინტერესებს ვინ და რას ამბობს.

– რა გასწავლათ ცხოვრების მწარე გამოცდილებამ?

– იცით რატომაა გამოცდილება მწარე? – იმიტომ რომ ძალიან ტკბილია, ბევრი გლუკოზა აქვს, რომელიც ბოლოს მწარდება. სწორედ ამ სიმწარემ მასწავლა ზომიერების დაცვა და სიტკბოს ზომიერად მიღება

– ფილმი, წიგნი ან სიმღერა, რომელიც არასდროს გბეზრდებათ?

– გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, რომელიც უძღებ შვილზეა. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ჰქონდა ასეთი სათაური და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გავშიფრე. როცა ადამიანი იბადება, მის სულს სწორედ ღმერთისგან ბოძებული პირველი სამოსელი მოსავს, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად აბინძურებს, ფანტავს და როცა საბოლოოდ შიშველდება, ისევ ღმერთისგან ითხოვს პატიებას. ფილმებს ნაკლებად ვუყურებ, რადგან კითხვა უფრო მომწონს, თუმცა როცა არაფერზე არ მინდა ფიქრი და განტვირთვას ვცდილობ, განწყობის ასამაღლებლად „შუა ქალაქის“ ძველ სერიებს ვუყურებ და ძალიან ვხალისობ დიალოგებზე.

– საყვარელი სიმღერა საკუთარი შემოქმედებიდან?

– ერთს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. წლების წინ, როცა ახალი ათვისებული მქონდა კომპიუტერთან მუშაობა, სკაიპით ვიღაც იტალიელი დამეკონტაქტა, რომელიც რუსულად საუბრობდა, მოგვიანებით ელექტრონული ფოსტით გავაგრძელეთ ურთიერთობა, წერილებს ვწერდით ერთმანეთს. ერთ მშვენიერ დღეს არაჩვეულებრივი ლექსები გამომიგზავნა, რომელთა შორის ერთ-ერთი ლექსი „хочу тебя видеть“ იყო, რომელზეც სიმღერა დავწერე, თუმცა ლუბა უსპენსკაიამ დაუკითხავად მიიტაცა, ახლა კი, დიდი ამბავია ატეხილი. არაჩვეულებრივად ასრულებს ამ სიმღერას თემურ თათარაშვილი, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია და რა თქმა უნდა, თვითონ მივეცი მისი შესრულების უფლება. ყველამ იცის, რომ ეს ჩემი სიმღერაა, თუმცა უსპენსკაიამ არ ისურვა ავტორის დასახელება და ასე თავხედურად აგრძელებს მის შესრულებას.

– ყველაზე ღირებული რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ და გაგითვალისწინებიათ?

– ყველაზე ღირებული რჩევა რამდენიმე წლის წინ მივიღე პატრიარქისგან, რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან მისი არსიყვარული უბრალოდ შეუძლებელია. ძალიან გაბრაზებული და დამძიმებული ვიყავი და პატრიარქს ვკითხე როგორ მოვიქცე მეთქი, სწორედ მან მირჩია, „აიწიე ზევით და ყველაფერი პატარა მოგეჩვენებაო“. სიმართლე ვთქვა, მაშინ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე. ცნობიერებით ამაღლებაა საჭირო, მეტი სითბოს, სიყვარულის და სიკეთის შეშვებაა საკუთარ თავში საჭირო.

– რას ურჩევთ ახალგაზრდა თაობას?

– ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ არ უსრულდება სურვილი, რომელსაც ღმერთს სთხოვს. სწორედ მათ მინდა ავუხსნა, რომ არასწორი მდგომარეობიდან ითხოვენ, თხოვნა არა ბრაზით, წყენით და ბოღმითაა საჭირო, არამედ ამაღლებული სულით, მშვიდად და მოკრძალებით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები