LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ილიკო სუხიშვილის დახმარებით შევძელი საღამოს ორგანიზება” – 26 მარტს უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

21
ივანა-მელაი

17 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს უკრაინელი მუსიკოსი ივანა მელაი სტუმრობდა, რომელმაც 26 მარტს დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრა.

– ივანა, როგორ მოემზადეთ საქველმოქმედო კონცერტისთვის?

– კონცერტი, რომელშიც ბუბა კიკაბიძესაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თითქმის ერთი წლის წინ დაიგეგმა. ძალიან გული დაგვწყვიტა ბატონი ვახტანგის გარდაცვალებამ, ამიტომ  ღონისძიების გადადება გადავწყვიტეთ. ჩვენი საქველმოქმედო კონცერტი 26 მარტს გაიმართება რესპუბლიკის ივენთ ჰოლში 20:00 საათზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ივანო-ფრანკივსკის რეგიონში უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად.

– ვინ მიიღებს მონაწილეობას საქველმოქმედო კონცერტში?

– კონცერტს ჩემი მეგობრები რუსლანა, თეა დარჩია, ჯგუფი „სახე“, დავით ალადაშვილი და რა თქმა უნდა, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი შემოუერთდებიან, რადგან სწორედ ილიკო სუხიშვილის დახმარებით შევძელი საღამოს ორგანიზება. რუსლანა, რომელმაც უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის ჩამოვა საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რადიო „ფორტუნას“ და თქვენს გადაცემას, ივენთ ჰოლის მესვეურებს და თითოეულ ქართველს მხარდაჭერისთვის. მართლაც საოცარია, როცა ასე პატარა ქვეყანა ასეთ დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. ყოველთვის გული მიჩუყდება და ცრემლი მომდის, როცა ქართველების მომზადებულ ვიდეოებს ვუყურებ უკრაინელებზე.

– ძალიან დატვირთული პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ. საინტერესოა, ახლა რაზე მუშაობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– საქართველოში საქველმოქმედო ფონდი United Hearts დავაარსე, რომელიც სწორედ 26 მარტს დაგეგმილი კონცერტის პარალელურად შეუდგება მუშაობას. ფონდის მიზანი იმ უკრაინელი ბავშვების დახმარებაა, ვინც ომში დაკარგა მშობლები, ან ვისი მშობლებიც ახლაც იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. მართალია, 7 წელია შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველო მაინც ჩემი მეორე სამშობლოა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ ფონდის შექმნა. ჩემი შვილი 6 წლისაა და ძალიან კარგად მღერის, რაც ვფიქრობ ლოგიკურია, რადგან დედაც და მამაც მომღერლები არიან. ახლა ალბომზე ვმუშაობ, რომელშიც რილიდოსთან დუეტში ჩაწერილი სიმღერაც შევა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ რილიდო მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსია, რომელმაც რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა რიანასა და კანიე ვესტთან ჩაწერილი დუეტების ჩათვლით. ალბომის პრეზენტაციის შემდეგ საქველმოქმედო კონცერტების მოწყობას ვგეგმავთ ამერიკის მსხვილ ქალაქებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები