LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამით ყოველთვის ვიამაყებ” – ნოდარიკო ხუციშვილი

25
nodariko-xucishvili

გადაცემის ლაივი LIVE

25 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” პროექტის „მხოლოდ ქართული“ კონკურსანტი ნოდარიკო ხუციშვილი სტუმრობდა.

– ნოდარიკო, რამდენად საპასუხისმგებლოა, როცა ცნობილი მამის შვილი ხარ?

– რა თქმა უნდა, ხშირად მადარებენ და ძალიან მსიამოვნებს. სავარაუდოდ, მე სრულიად განსხვავებულ მუსიკალურ გზას ავირჩევ და თვითონ გადავწყვეტ რა ვიმღერო ან როგორ შევასრულო, თუმცა მამით ყოველთვის ვიამაყებ.

– რამდენად კრიტიკულია ჟიური თქვენი შეფასებისას?

– ვფიქრობ, ძალიან ობიექტურია. ყოველთვის მიმითითებენ შეცდომაზე და არც შექებას იშურებენ.

– კონკურსს მხოლოდ მეორე სეზონზე შეუერთდით. სადებიუტო წელს რატომ არ მოისურვეთ მონაწილეობა?

– საერთოდ არ ვფიქრობდი მუსიკოსობას, რადგან პროფესიით მარკეტოლოგი ვარ, ბოლო ხუთი წელი კი, ტურიზმის სფეროში ვსაქმიანობ და უცხოელ ტურისტებს ჩვენს ქვეყანას ვაცნობ. მართალია, ახლა მუსიკას ჩემს ცხოვრებაში ბევრად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ არც საყვარელ საქმეზე ვაპირებ უარის თქმას.

– რა გამოცდილება შეგძინათ პროექტმა „მხოლოდ ქართული“?

– მანამდე არცერთ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა, საერთოდ არ მაქვს მუსიკალური განათლება და წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა სცენაზე გამოსვლა. პროექტმა სწორედ ახალი გამოცდილება შემძინა, მით უფრო, რომ ყოველი ტური ახალი გამოწვევაა, რადგან მუდმივად განსხვავებული სტილისა და ჟანრის სიმღერებს ვასრულებ.

– თვითონ რა სტილის მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

– მელომანი ვარ და თითქმის ყველა სტილს ვუსმენ. ზოგადად, მუსიკა ჩემთვის თავისუფლებაა ნებისმიერი შეზღუდვების გარეშე, სტილი და ჟანრი კი, მხოლოდ პირობითი დაყოფაა. ვფიქრობ, მუსიკოსი მუდმივად ახალს უნდა ეძებდეს და მაქსიამალურად ცდილობდეს შემოქმედების გამდიდრებას.

– ვის თვლით ყველაზე ძლიერ კონკურენტად?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ყველა კონკურსანტი ჩემი მეგობარია. რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები ყველას გვაქვს, რადგან ინტენსიურად ვმუშაობთ და საკმაოდ მძიმე კვირის შემდეგ გვიწევს სცენაზე გამოსვლა, ამიტომ ყოველთვის ვერ ვახერხებთ საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად წარმოჩენას. ყველა მონაწილე უზარმაზარი პოტენციალის პატრონია და ძალიან რთულია უძლიერესის განსაზღვრა.

– რამდენად მტკივნეულად აღიქვამთ კრიტიკას?

– რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, თუმცა მიუღებელი შეფასებაც ბევრია. საერთოდ ნაკლებად ვინტერესდები სხვისი აზრით, რადგან თუ ადამიანს მოდავება უნდა, ის აუცილებლად მოძებნის მიზეზს.

– როგორც ვიცი, სერიოზულად ხართ კულინარიით გატაცებული?

– მიყვარს კერძების მომზადება. მით უფრო, რომ ქართული ღვინო და ნაციონალური კერძები ძალიან ახლოსაა ტურიზმის სფეროსთან.

– საახალწლო დღესასწულებისთვის ხომ არ გაქვთ საფირმო კერძი?

– ჩვენი ოჯახის საფირმო კერძად ბროწეულის ბაჟე ითვლება. ყველას ძალიან მოსწონს და დედასთან ერთად, მეც ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებ. მართალია, კერძი მარტივად მზადდება, რადგან ტრადიციული ბაჟე წყლის ნაცვლად სწორედ ბროწეულის წვენით კეთდება, თუმცა ძალიან შრომატევადი პროცესია.

– უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ. საინტერესოა, თავად თუ ხართ შეყვარებული?

– არა, ჯერჯერობით არავინ მიყვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები