LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს ძალიან ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი ჩამოგვყავს“ – თბილისი რიგით 26-ე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება

93
თამრი-ბზიავა,-სოფო-ქორიძე

10 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ მარკეტინგის მენეჯერი, თამრი ბზიავა და ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი, სოფო ქორიძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ფესტივალის რიგით 26-ე სეზონზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

რით იქნება გამორჩეული ფესტივალის „საჩუქარი“ 26-ე სეზონი, რა ღონისძიებები არის დაგეგმილი და რა სიახლეებს სთავაზობთ საზოგადოებას?

თამრი: რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მაყურებელს წელსაც მაღალი ხარისხის ხელოვნებას ვთავაზობთ. ფესტივალი თეოდოროს ტერზოპულოსის ტრილოგიის, მეორე ნაწილით, „ამორ“ იხსნება. აღნიშნული სპექტაკლი „მარჯანიშვილის თეატრში“ 21-22 ოქტომბერს, 20:00 საათზე შედგება. თეოდოროს ტერზოპულოსი შარშან უკვე გაიცნო მაყურებელმა და შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ მისმა სპექტაკლმა „ალარმე“ სრული შოკი მოახდინა. მისი ეს სპექტაკლი წელსაც ახსოვს მაყურებელს.

მისი ტრილოგიის მეორე ნაწილი – „ამორ“ არის სპექტაკლი, სადაც აბსოლუტურად ყველაფერ ყიდის თეოდოროს ტერზოპულოსი. სცენარი ლაპარაკობს იმაზე, რომ დღევანდელ დღეს ერთადერთი, რაც შეიძლება რომ არ გაიყიდოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული, გრძნობა.

წელს ჩამოგვყავს ძალიან ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი – ტომ ლუცი. წარმოდგენა „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან“ „აბრეშუმის ქარხანაში“ 27-28 ოქტომბერს შედგება. ეს არის თანამედროვე ისტორია ჯადოსნური დასასრულით. ვფიქრობ ეს წარმოდგენა ყველაზე გამორჩეული იქნება. ზოგადად, ტომ ლუცი ხშირ შემთხვევაში არ ჩადის ხოლმე სხვადასხვა ფესტივალებზე და ჩვენთვის მართლაც დიდი პატივი და ჯილდოა, რომ დაინტერესდა საქართველოთი და თბილისში ჩამოვა.

4 ნოემბერს „თუმანიშვილის თეატრში“ გვაქვს ლეონარდო მანძანის „დიდების კედელი“, რომელიც 48-ე ვენეციის ბიენალეს ჯილდოს, ოქროს ლომის მფლობელია. ეს სპექტაკლი საკმაოდ ხმაურიანი იყო იტალიაში და მან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ცენზურის წინააღმდეგაა.

სოფო: თეატრის, ლიტერატურის, ხელოვნების მოყვარულებს 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე გეპატიჟებით „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, ევი პრუსალის და თეოდოროს ტერზოპულოსის ლექციაზე.

2 ნოემბერს, 16:00 საათზე „თიბისი კონცეპტში“ გაიმართება შეხვედრა საშემსრულებლო ხელოვნების კურატორთან და საერთაშორისო პროდიუსერთან – ლორენცო პაპაგალოსთან.

4 ნოემბერს, 16:00 საათზე „ თიბისი კონცეპტში“ გაიმართება შეხვედრა ვენეციის ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელთან – ჯანი ფორტესთან.

6 ნოემბერს არის ფესტივალის დახურვა და „რუსთაველის თეატრში“, 19:30-ზე სახელმწიფო კამერული გუნდის და ზვიად ბოლქვაძის კონცერტი, „იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა“ გაიმართება.

თამრი: წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი სვიმონ ჯანგულაშვილს და ზურაბ შევარდნაძეს გადაეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები