LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოწმდება საწვავის ხარისხი და რა პროგნოზია ფასთან დაკავშირებით – „სოკარი“ ახალი კამპანიისა და სერვისების შესახებ

15
დეა ფარცვანია

როგორ მოწმდება საწვავის ხარისხი, რა ტენდენციებია საქართველოში და რა სერვისებს ითხოვს ქართველი მომხმარებელი. „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა მედეა ფარცვანიამ „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

საწვავის ხარისხი და ფასი. ეს თემები ყოველთვის აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში. რამდენად დაცულია საწვავის ხარისხი თქვენს ქსელში და რას აკეთებთ ამისთვის?

მაღალი ხარისხის საწვავის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ლოგისტიკური ხაზის გაფრთხილება, მოვლა, რომელსაც ის გადის. დაწყებული პორტიდან, დამთავრებული კონკრეტულ გასამართ სადგურზე მოხვედრამდე, რეზერვუარში მოხვედრამდე. ზუსტად რეზერვუარებთან დაკავშირებით, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ გვაქვს განსაკუთრებული მიდგომა, ყოველწლიურად წლის დასაწყისში გაწერილი გრაფიკით ვასუფთავებთ და ვუვლით მათ. გარდა იმისა, რომ რეზერვუარებს ვუვლით და ვაკონტროლებთ ამ ლოგისტიკურ ხაზს, აგრეთვე, მთელი მონდომებით ვზრუნავთ მომხმარებელზე და ეს ზრუნვა გამოიხატება იმაში, რომ ყველაზე მსხვილ გერმანულ ქიმიკატების კომპანიას ვუკვეთავთ დანამატს – ნანოს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილების გამართულ და სწორად მუშაობას. ნანო დანამატი ეხმარება საწვავს, რომ სწორად იმუშაოს გამაფრქვეველმა, დაიცვას საწვავი, დაიცვას მთელი სისტემა კოროზიებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ CO გამონაბოლქვი ნაკლებ მავნებელია ამ შემთხვევაში.

მომხმარებლები ზოგჯერ საუბრობენ იმაზე, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ჩასხმის დროს მათ აკლებენ საწვავს. რას იტყვით ამ საკითხზე? და ზოგადად, რა სერვისებს ითხოვენ მომხმარებლები?

ამ მხრივ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ მოწინავეა. ყოველთვის ხმამაღლა ვამბობთ და ჩვენმა მომხმარებელმა ეს იცის, რომ ყოველთვის ვასხამთ ზუსტად. ამიტომ, გვენდობიან და ლოიალობა ამ ნაწილში მაღალია. ზუსტად იციან, რომ „სოკარში“ მიიღებენ იმ რაოდენობის საწვავს, რა რაოდენობასაც ყიდულობენ. განვითარებასთან ერთად, მოთხოვნადი გახდა სხვადასხვა სერვისი, რასაც ჩვენი კომპანია ფეხს უწყობს. ეს არის მარკეტების ქსელის, კაფეების განვითარება, ადგილზე სამრეცხაოების და მცირე ზომის სხვადასხვა სერვისის დახვედრება, რითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ ერთი გაჩერებით, ერთ ადგილას მიიღოს რამდენიმე სერვისი.

 

რამდენი სადგური აქვს დღეს სოკარს და რამდენად სარგებლობენ მომხმარებლები თვითმომსახურების ცენტრებით?

„სოკარს“ დღეს აქვს 107 გასამართი სადგური. ვამაყობთ ჩვენი გასამართი სადგურების ქსელით იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაში ყველა საჭირო ლოკაციაზე ვართ. ასევე, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ძალიან მნიშვნელოვან CSR კამპანიას აწარმოებს. გარდა ამისა, ძალიან ზრუნავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ჩვენს ობიექტებზე აისახება. გასამართი სადგურები გვაქვს განსაკუთრებულად მოწყობილი. გვაქვს რამდენიმე დიდი კომპლექსი: თერჯოლაში, ურბნისში გვაქვს, თბილისში სანაპირო სამზე გაჩნდა მულტიფუნქციური სივრცე, რაც რამდენიმე სერვისს აერთიანებს. ყაზბეგში გვაქვს უნიკალური ინსტალაციით, სადაც გასამართი სადგურის თავზე თვითმფრინავი აყენია, რაც ყურადღებას იპყრობს და ეს უყვართ მომხმარებლებს. ბათუმში გვაქვს უნიკალური არქიტექტურული ნიმუში, რომელიც საუკეთესო არქიტექტურულ დიზაინერულ ნიმუშად დასახელდა 2014 წელს, თან ქართველი გიორგი ხმალაძეა შენობის ავტორი და „სოკარის“ საკუთრებაა, რითაც ვამაყობთ. გასამართ სადგურებთან ერთად, მოთხოვნა გაჩნდა ბაზარზე იმის, რომ ნელ-ნელა „სელფ-სერვისები“ წამოიწია. ჩვენც უკვე 11 თვითმომსახურების გასამართი სადგური გვაქვს, არის მოთხოვნა და იგეგმება, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 10 სადგურით გავზარდოთ ეს მიმართულება. სიმარტივით გამოირჩევა ჩვენი თვითმომსახურების სადგურები, სულ რაღაც 3-5 წუთში მომხმარებელს შეუძლია საწვავის ჩასხმა დამოუკიდებლად.

 

კიდევ რა დამატებითი სერვისები გაქვთ და რაზეა მოთხოვნა?

ქსელის განვითარებასთან ერთად, ვავითარებთ ობიექტებზე სხვადასხვა სერვისს. „ვეიმარტი“ არის მარკეტებისა და მცირე კაფეების ქსელი მთელ ქვეყანაში, რომელიც 76 ობიექტზე უკვე დაგხვდებათ. მომხმარებლებს ვეუბნებით, რომ ეს ქსელი არის თქვენი მეგობარი გზაზე. ექსკლუზიურად გვაქვს იტალიური ყავა მთელ ქსელში, გვაქვს ბავარიული ჰოთდოგი. ეს ხდება მოთხოვნიდან გამომდინარე, რადგან გაჩნდა კულტურა, რომ მომხმარებლები ჩერდებიან ადგილზე, სადაც მათ უნდა დახვდეთ მოსასვენებელი სივრცე და სხვა დამატებითი სერვისები. მსგავსი სივრცის მოწყობა ყველა ობიექტზე იგეგმება, სადაც იქნება შესაძლებლობა.

დამატებით კიდევ გვაქვს ფასდაკლების ბარათი ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის – „ენერჯი ქარდი“, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ დააგროვონ ქულები, მიიღონ მომენტალური ფასდაკლება და გადაცვალონ საწვავი მარკეტში ან კომუნალურებში.

საწვავის ფასი შედარებით დასტაბილურდა. როგორ პროგნოზს ელით? შეიცვლება თუ არა ღირებულება?

საწვავის ფასის პროგნოზირება გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან რთული და არარეალისტურია. რა თქმა უნდა, მესმის, რომ მსმენელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფასი დასტაბილურებულია ახლა, ბოლო ტენდენციებით არის მცირე კლება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ვაჭრობაზე და იქ მიღებულ შედეგებზე. ამის შემდეგ ჩვენთანაც აისახება.

 

საქართველოს გარდა, მსოფლიოს რომელ ქვეყნებში შედის კიდევ „სოკარის“ საწვავი და რითია განსხვავებული ქართული ბაზარი?

„სოკარი“, როგორც ჰოლდინგი და კომპანია, გაზისა და ნავთობის ინდუსტრიის გიგანტია. 60 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული მთელ მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში აქვს წარმომადგენლობები და რამდენიმე ქვეყანაში ბრენდით „სოკარი“ ოპერირებს ავტოგასამართი სადგურების ქსელით: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, რუმინეთი, შვეიცარია. ქსელი გამოირჩევა იმით, რომ ევროპაში უყვართ და ენდობიან მას, საქართველოს ბაზარი ცოტა განსხვავებულია. საქართველოში, გარდა ბრენდირებული სადგურებისა, გვაქვს ბევრი არაბრენდირებული სადგური და ამით მნიშვნელოვანი მესიჯების გაჟღერება უწევს „სოკარს“ ამ ბაზარზე. „სოკარისთვის“ საქართველო ამ ქსელით იყო პირველი ბაზარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარი მთელი ჰოლდინგისთვის.

ვფიქრობ, ქართველი მომხმარებლები ბევრად მომთხოვნები ვართ და ბევრად მეტს ვითხოვთ სერვისის მომწოდებლებისგან, ვიდრე დანარჩენ სამყაროში ხდება, უფრო მალე ვუბამთ მხარს და უფრო მეტს ვთხოვთ სერვისის მომწოდებლებს. „სოკარი“ ინოვაციებით გამოირჩევა, მუდმივად ავითარებს ქსელს, ინფრასტრუქტურას, შეაქვს სხვადასხვა მომსახურება, დიდ ობიექტს ქმნის, სადაც ადამიანი გაჩერდა, დატვირთა ავტომობილი, გამართა საწვავით და ამასთან ერთად, მიიღო ის აუცილებელი მოთხოვნები, რაც გზაზე სჭირდება.

 

მოძრაობის წესების დაცვა ქალაქში არის მუდმივი გამოწვევა. საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, რა შეიძლება გაკეთდეს და რას აკეთებს „სოკარი“?

საგზაო უსაფრთხოება ცოტა მტკივნეული თემაა ქვეყანაში და ქალაქში. სამწუხაროდ, ეს კულტურა ალბათ თითოეული ჩვენგანის შინაგანი კულტურიდან მოდის, მაგრამ ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც ამ ბიზნესში არიან და მათი მომხმარებლები სწორედ რომ მძღოლები არიან, რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით ქვეყნის და ჩვენი მომხმარებლების წინაშე. კამპანია „მძღოლსაც გააჩნია“ გამოირჩევა იმით, რომ ვცდილობთ აქცენტები გავაკეთოთ სწორად და ადამიანებს დავანახოთ თავიანთი თავი. როცა ისინი უსაფრთხოდ არიან გამოკეტილი თავიანთ მანქანაში და თითქოს ეს უმნიშვნელო შეცდომებია, რასაც ვუშვებთ, თუნდაც გაბმული სიგნალი, რაც შეიძლება ბევრ ევროპის ქვეყანაში ვერც გაიგონო, გზის არდათმობა, არასწორი პარკირება, მტკივნეული საკითხები. ეს თითქოს უმნიშვნელოა, როცა საჭესთან ხარ და მძღოლი ხარ. მაგრამ, როგორც კი ერთი ადამიანი ამ უმნიშვნელო შეცდომას უშვებს, შეიძლება ძალიან დიდი კოლაფსი გამოიწვიოს დიდ ტერიტორიაზე. ჩვენ ყოველ დილით ვართ ამ ყოველივეს მომსწრე და ვცდილობთ, ამ კამპანიით მივიტანოთ ეს სატკივარი ადამიანებთან, რომ ისინი დაფიქრდნენ და დაიწყონ ამის გამოსწორებაზე მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები