LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ხარის წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის და რომელ 4 ნიშანს ელის კარდინალური ცვლილებები – 2021 წლის ასტროლოგიური მიმოხილვა

97
bzekalavaartfm2021

გადაცემის ლაივი LIVE

5 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ასტროფსიქოლოგი სოფია ბზეკალავა სტუმრობდა, რომელმაც 2021 წელი მიმოიხილა და მოკლე პროგნოზი გააკეთა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

– სოფია, მართალია ვრცელდება აზრი, თითქოს წლის მმართველ ხარს ძალიან არ უყვარს წითელი ფერი, მაგრამ თქვენ სწორედ წითელი მაისური გაცვიათ. რამდენად იზიარებთ ამგვარ მოსაზრებას?

– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ წითელი ვერძის ფერია, მე კი სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშანს მივეკუთვნები, ამიტომ ძალიან მიყვარს წითელი. ასტროლოგია არასდროს ზღუდავს ადამიანებს, პირიქით, ნებისმიერი კომპლექსისგან ათავისუფლებს, ამიტომ მსგავს აკრძალვებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. ვფიქრობ, თუ ადამიანს წითელი ფერი უხდება, ხარს არ უნდა შეუშინდეს და თამამად მოირგოს საყვარელი სამოსი.

– რას უნდა ველოდოთ 2021 წლისგან?

– ასტროლოგია ვარაუდის მეცნიერებაა, ამიტომ 2021 წელიც მხოლოდ ჰიპოთეტურად შეგვიძლია განვსაზღვროთ. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობაა აქვს პლანეტების განლაგებას და მათი გავლენით პროვოცირებულ მოვლენებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ადამიანის ნებაა. სინამდვილეში, პლანეტები მხოლოდ დეკორაციებს ქმნიან, ადამიანი კი, საკუთარი სურვილით, გადაწყვეტილებით მოქმედებს. ვარაუდების გარდა, ასტროლოგია მომავლის ალტერნატიული ვარიანტების გამოთვლის მეცნიერებაცაა. 21 დეკემბერს სატურნი და იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში შეერთდნენ, ამიტომ დეკემბრის ბოლოდან სამყარო სწორედ მერწყულის ენერგეტიკის გავლენას განიცდის. სავარაუდოდ, 2021 წელს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უნდა ველოდოთ, რომელიც აუცილებელად გუნდური მუშაობის პრინციპით იხელმძღვანელებს. ადამიანები გააცნობიერებენ, რომ იმის მიღწევა, რაც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს, მხოლოდ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ გუნდთან ერთად იქნება შესაძლებელი. ასე რომ, 2021 წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მეგობრობისა და გუნდურობის წელიწადი, როცა ადამიანები მასობრივად შეიკვრებიან ჯგუფებში ახალი, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის დასაწყებად. მნიშვნელოვანი იქნება გუნდურობის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვისაც, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ვისაც გრანდიოზული გეგები აქვს ხარის წელიწადში. გარდა ამისა, 2021 წელს უამრავი გლობალური აღმოჩენა გველის როგორც მედიცინაში, ისე მეცნიერებასა და ტექნოლოგიების სფეროში. მეტიც, სწორედ ხარის წელიწადში აიღებს სტარტს ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც რამდენიმე წელიწადში ბევრად კომფორტულ სამყაროს შექმნის. მნიშვნელოვანი რეფორმებია მოსალოდნელი ავიაციაშიც, რომელმაც გასულ წელს განსაკუთრებით იზარალა. ერთი სიტყვით, სამყარო რადიკალურად შეიცვლება, წარმატებას კი მხოლოდ ისინი მიაღწევენ, ვისაც მარცხის, უარის მიღების არ ეშინია და თამამად შეუძლია მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები ახალ დარგში. აღსანიშნავია, რომ მერწყული, რომელიც ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, ყველაფერში შესაძლებლობებს ხედავს, ამიტომ ზოდიაქოს დანარჩენმა ნიშნებმა სწორედ მას უნდა მიბაძონ და მისი გამოცდილების გაზიარებით იმოქმედონ. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ხარის მოთხოვნები, რომელიც პირველ რიგში მათზე იზრუნებს, ვისაც გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, მათი თანმიმდევრული განხორციელება და ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენება შეუძლია. სხვათა შორის, ხარს ძალიან არ უყვარს უმიზეზოდ ამბიციური, ზედმეტად თავმომწონე ადამიანები, თუმცა დიდად აფასებს მათ, ვინც ყოველთვის ასრულებს გაცემულ პირობას.

– როგორი იქნება ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ 2021 წელი ოთხ ზოდიაქოს ნიშანს – ტყუპებს, ქალწულს, მშვილდოსანსა და თევზებს უმზადებს კარდინალურ ცვლილებებს, რომელთა სარგებელიც და ზარალიც მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული.

ვერძისთვის 2021 წელი ერთგვარი სეპარაციის ანუ ძველი სისტემიდან ახალზე გადასვლის წელია. არაა გამორიცხული ძველი ურთიერთობის დასრულება და ახლის დაწყება ან საქმიანობის სფეროს რადიკალურად შეცვლა მოუნდეს. მართალია, ხარის წელიწადში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება მეგობრებს, მაგრამ გულუბრყვილო, ზედმეტად მიმნდობმა ვერძმა თავად უნდა განსაზღვროს ვისთან სურს ურთიერთობა, რადგან მეგობრების გააქტიურება ყოველთვის სიკეთეს ვერ მოუტანს. გასათვალისწინებელია გუნდური პრინციპით მუშაობაც, რადგან სწორედ ერთობლივი პროექტები გახდება ვეძისთვის გრანდიოზული მიღწევების სტარტი.

კუროს წლის პირველ ნახევარში, ივლისის თვემდე მოუწვევს გამოწვევების, სირთულეების დაძლევა. მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან არ უყვარს რყევები, მაგრამ სწორედ არაპროგნოზირებად სიტუაციებში მოუწევს ლავირება და წინასწარ შემუშავებული გეგმის გარეშე მოქმედება, რაც სერიოზულ სტრესის მიზეზი გახდება. არაა გამორიცხული კურომ სამსახურის შეცვლა გადაწყვიტოს, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტვირთის აღება მოუხდება საკუთარ თავზე, რადგან უამრავ ადამიანს გაუჩნდება მისი გაყოლის და მასთან ერთად მუშაობის სურვილი, რაც ახალი ჯგუფის შექმნას და ახალი გეგმების შემუშავებას აიძულებს. მართალია, კუროს ძალიან არ უყვარს სიახლეები, მაგრამ 2021 წელს სწორედ ახალ რეალობას მორგება და ახალ სფეროში საქმიანობა მოუწევს.

ტყუპებს მომავალ წელს ინტენსიური მოგზაურობა და ხშირი მგზავრობა ელით, არაა გამორიცხული საზღვარგარეთ ემიგრირებაც კი გადაწყვიტონ. ერთგვარ აღმაფრენის წელიწადში ტყუპებს არა მხოლოდ რადიკალურად შეეცვლებათ შეხედულებები და ფასეულობები, არამედ სრულად შეძლებენ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ერთის მხრივ, გამოყენებას, მეორე მხრივ გაცემას და სხვისთვის გაზიარებას.

საინტერესო წელი ელის კირჩხიბს, თუმცა ყველაფერი განვლილ წლებზე, დაგროვილ გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოდ, 2021 წელს კირჩხიბს ვალების გასტუმრება, ფინანსური საქმეების ბოლომდე მიყვანა, მაგალითად, კრედიტის დაფარვა ან საბოლოო შენაძენის გაკეთება მოუწევს. არაა გამორიცხული დაუბრუნდეს მშობლიურ სახლს, საკუთარ ფესვებს და პრაქტიკულად გამოხატოს მადლიერება მშობლების, იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის აღზრდაში შეიტანა წვლილი. განსაკუთრებული ყურადღება  მართებთ კირჩხიბებს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რადგან თუ წლების განმავლობაში მხოლოდ წყენა, შური და ბოღმა დააგროვეს, მაშინ ვალის გადახდაც სწორედ საკუთარი ჯანმრთელობით მოუწევთ, რადგან ნეგატიური ემოციები ყოველთვის ორგანიზმზე აისახება, სუსტი კუჭის პატრონი კირჩხიბი კი, სწორედ ამ ორგანოს უნდა გაუფრთხილდეს.

ლომს მომავალ წელს დიდი სიყვარული ელის. მარტოხელა ლომი აუცილებლად იპოვის მეორე ნახევარს, უკვე დაქორწინებული კი, რომელმაც ამოწურა საკუთარი თავი ურთიერთობაში, თუმცა ვალდებულებები არ აძლევს მათგან განთავისუფლების საშუალებას, ახალ პარტნიორს გაიცნობს, რომელიც ერთგვარი გადარჩენა იქნება მისთვის. თუმცა, ამბიციურ ლომს კომპრომისზე წასვლა და საკუთარ ამბიციებზე უარის თქმა მოუწევს, არაა გამორიცხული შვილებისთვის დათმოს, რომლებიც გარკვეულ რესურსებს მოითხოვენ მისგან.

ქალწული წინა წლებში დაგროვილი გამოცდილების შედეგებს შეაჯამებს. შესაძლოა, შეიცვალოს სამსახური და გაიუმჯობესოს მუშაობის პირობები, საყვარელ საქმედ აქციოს ჰობი, რომელსაც წლების განმავლობაში მისდევდა ან წამოიწყოს საკუთარი საქმე. თუმცა პერფექციონისტი ქალწული, რომელსაც ყოველთვის მაღალი მოთხოვნები აქვს, ამჯერადაც მაქსიმუმის მიღებას მოინდობს, რაც რისკზე წასვლას აიძულებს. მათ, ვისაც ჯანმრთელობა აწუხებს, სწორედ წელს შეძლებს ქრონიკული დაავადებების დამარცხებას ან თუნდაც შემსუბუქებას. საერთო ჯამში, ხარის წელი ქალწულისთვის სასიკეთო ცვლილებების, ნებისმიერ სფეროში სიტუაციის გაუმჯობესების წელი იქნება.

სასწორისთვის 2021 შემოქმედებითი პროექტების წელია, რადგან თანამოაზრეებსაც მარტივად მოიძიებს და გეგმებსაც თავისუფლად განახორციელებს. მართალია, თავიდან მცირე მსხვერპლის გაღება ან საქმის ნულიდან დაწყება მოიწევს, მაგრამ შედეგი მართლაც არაჩვეულებრივი იქნება. განსაკუთრებით გაუმართლებთ მუსიკოსებს და დიზაინერებს, რომლებიც ერთგვარ ტანდემს შექმნიან და გრანდიოზულ პროექტებს განახორციელებენ.

სირთულეები ელით მორიელის ნიშნით, განსაკუთრებით 10 ნოემბრამდე დაბადებულებს, რადგან ცვლილებები ძირითადად ოჯახის წევრებთან ურთიერთობას და საცხოვრებელის შეცვლას შეეხება. ზოგაგად, მორიელი ტრანსფორმაციის სიმბოლო და კრიზისების მოყვარული ნიშანია, რომელიც ყოველთვის თავისუფლად იცვლის ტყავს, სიამოვნებით ანგრევს საკუთარი თავს, ცხოვრებას და თავიდან იბადება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება, ამიტომ თამამად გაანულებს ყველაფერს, გაასუფთავებს ადგილს და თავიდან დაიწყებს შენებას.

ყველაზე აქტიური, ოპტიმისტი და მხიარული მშვილდოსანი სხვებზე მეტად დაიჩაგრა გასულ წელს, რადგან ხეტიალისა და მოგზაურობის, მეგობრებთან გართობისა და ხმაურიანი წვეულებების მოყვარულს პანდემიამ სახლში გამოკეტვა აიძულა. ბევრად უკეთესი იქნება 2021 წელი, როცა მშვილდოსანი კონტაქტების გააფართოვებასაც შეძლებს და ახალი მეგობრების შეძენასაც, უცხოელებთანაც გააბამს საქმიან ურთიერთობას და თავადაც შეძლებს საზღვარგარეთ მოგზაურობას. ფილოსოფიურად მოაზროვნე მშვილდოსანი, რომელიც ჯერ თვითონ სწავლობს, მერე სხვას არიგებს ჭკუას, სწორედ ცოდნის მიღებას და თვალსაწიერის გაფართოვებას შეძლებს 2021 წელს, მით უფრო, რომ ყოველთვის სიხარულით ხვდება სიახლეებს და არასდროს უჭირს მათთვის ფეხის აწყობა. თუმცა, ცოტა თავშეკავების გამოჩენა მოუწევს, რადგან ჩვეული დაპირებების გაცემა, რომელთაც არასდროს ასრულებს, ხარის წელიწადში ნამდვილად არ გამოადგება.

თხის რქა ბოლო წლებში დახარჯულ ენერგიას აინაზღაურებს, სრულად დაუფასდება გაწეული შრომა და მოთმინება. არაა გამორიცხული მოიპოვოს აღიარება ან მიიღოს ბონუსები და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა. მართალია, გასული ორი წელი საკმაოდ რთული იყო ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის, რადგან გარკვეული ეტაპების გავლა, ბევრ რამეზე უარის თქმა და უამრავი სირთულის დაძლევა მოუხდა, მაგრამ მიმდინარე წელი მართლაც სასიკეთო და იღბლიანი იქნება, მით უფრო, რომ ხასიათით ძალიან ჰგავს ხარს, მასავით პრინციპულია, უყვარს შრომა და არასდროს ამბობს უარს გაცემული პირობის შესრულებაზე.

მერწყული 2021 წლის ფავორიტია, რადგან 21 დეკემბერს, როცა მის ნიშანში გაერთიანდნენ სატურნი და იუპიტერი, სწორედ მისი ერა დაიწყო, რომელიც 2023 წლის მარტამდე გაგრძელდება. 2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იანვარში დაბადებულთათვის, შემდეგი ორი წელი კი, თებერვლის მერწყულებისთვის იქნება აქტუალური. ამ პერიოდში მერწყულს თავისუფლად შეუძლია იმიჯის შეცვლა და საკუთარი თავის, შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. არაა გამორიცხული გაუჩნდეს ახალი ინტერესები და აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში შეძლოს თვითრეალიზაცია, რადგან შესაძლებლობების წელიწადში მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება. თუმცა, მასაც მოუწევს გაფრთხილება, რადგან მართალია იუპიტერი შანსების გაფართოვების, გრანდიოზული გეგმებისა და დიდი წარმატებების პლანეტაა, მაგრამ სატურნია ერთის მხრივ, შეფერხებების, მეორე მხრივ წესრიგის და დისციპლინის მოყვარული პლანეტა, ამიტომ სურვილების ასასრულებლად დაუღალავი შრომა, თვითდისციპლინის გამომუშავება და დროის ეფექტიანად გამოყენება უნდა ისწავლოს. ტოლერანტი მერწყული, რომელსაც ყოველთვის გამიჯნული აქვს საკუთარი სივრცე სხვებისგან და პრინციპით „არ შემეხო, არ შეგეხები“ ხელმძღვანელობს, არც წელს უღალატებს პრინციპებს, თუმცა დამატებითი პასუხისმგებლობა, რომელსაც გაუაზრებლად აიღებს საკუთარ თავზე აუცილებლად მის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში ხერხემალზე აისახება ნეგატიურად.

თევზებისთვის 2021 წელი წარსულის გააზრების, ფასეულობების გადაფასების წელია. განსაკუთრებით სასიკეთოა პერიოდი მაისიდან ივლისამდე, რომელიც სიახლეებით და პერსპექტიული შეთავაზებებით იქნება მდიდარი. 2021 წელს სხვებზე მეტად ხელოვანებს გაუმართლებთ, რადგან მართლაც გრანდიოზული პროექტების განხორციელებას შეძლებენ. არაა გამორიცხული შეიცვალონ საცხოვრებელი ან სამუდამოდ გადაბარგდეს უცხოეთში. აღსანიშნავია, რომ სწორედ 2021 წლიდან – იუპიტერის თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით გაუმჯობესდება ადამიანთა განწყობა, წარსულს ჩაბარდება დეპრესია და პესიმიზმი.

მსმენელის შეკითხვები 

– რას უნდა ელოდოს ხარის წელს დაბადებული ქალწული 2021 წლისგან?

– პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ იწყება 12-წლიანი ციკლი, ამიტომ სწორედ ის განვითარდება და გაბევრდება 12 წლის განმავლობაში, რასაც მიმდინარე წელს ჩაეყრება საფუძველი.

– როგორი წელი ექნება დრაკონის წელს დაბადებულ ლომს?

– ბევრად უკეთესი იქნება წლის მეორე ნახევარი. დრაკონი ფეიერვერკების ნიშანია, ლომისთვის კი უმთავრესი იმიჯი და მუდმივი აპლოდისმეტებია, რის მოთხოვნილებასაც სწორედ ზაფხულში დაიკმაყოფილებს.

– როგორი წელი იქნება ვეფხვის წელში დაბადებული ლომისთვის?

– ვეფხვის წელს დაბადებულები საშინლად მოუთმენლები არიან, რასაც ლომის ფეთქებადი ხასიათი ემატება, ამიტომ წელს განსაკუთრებული სიფრთხილის, თავშეკავების გამოჩენა და ამბიციების მოთოკვა მოუწევთ.

– რა ელის კურდღლის წელს დაბადებულ კუროს?

– კურდღლისთვის, ისე როგორც კუროსთვის, მთავარი სიმშვიდე და სტაბილურობაა, არ უყვარს სიურპრიზები და დაუგეგმავად მოქმედება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს ივლისამდე, რადგან ბევრჯერ მოუწევს გეგმის შეცვლა და სპონტანურად მოქმედება.

– ერთგვარი შეჯამების სახით, რას ურჩევთ ჩვენს მსმენელს?

–  ტვინიც ისეთივე კუნთია, როგორც სხვა დანარჩენი, ამიტომ გონებასაც სჭირდება ვარჯიში პოზიტიური განწყობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, რადგან სინამდვილეში, მხოლოდ პოზიტიურ განწყობას, ნებისმიერ, კრიზისულ სიტუაციაშიც კი სასარგებლო შესაძლებლობების დანახვას შეუძლია წარმატების მოტანა. ასე რომ, ყველას პოზიტივის შენარჩუნებას, გამოწვევების დროს კი, დეპრესიაში ჩავარდნის ნაცვლად კრიზისში გარკვევას და იმ შესაძლებლობების გამოყენებას ვურჩევ, რომელსაც სამყარო უგზავნის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები