რუსა მორჩილაძე თათა სადრაძის გადაცემას „არტ-Fm“ ესტუმრა და დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.
კონცერტი 2 ივნისს ლისი ივენთ ჰოლშია დაგეგმილი.
„40 ნომერი გვექნება, 2000-იანი წლების ჰიტები. ავარჩიეთ სკრუპულოზურად, ეს არის სიმღერები, რომლებმაც გაუძლო დროს. ამ პერიოდში საქართველოში ბევრი სიმღერა გაჰიტდა. ეს არ იქნება ჩემი საავტორო სიმღერების საღამო. კონცერტი ორ განყოფილებად იქნება დაყოფილი, ამიტომ სტუმრები ჩვენთან დიდხანს იქნებიან. მათთვის იმღერებენ ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, აჩიკო მეფარიძე, ნინი ბადურაშვილი, მანანა თოდაძე, დუეტი ჯორჯია, დათო ფორჩხიძე… ეს იქნება დაუვიწყარი საღამო, გელით ყველას…“ – აღნიშნა კომპოზიტორმა.
კითხვაზე, როგორ წერს სიმღერებს, რომლებიც ჰიტდება და რა არის მისი წარმატების საიდუმლო, რუსა ასე პასუხობს: „ერთი რამ ვიცი, რომ ჩემი სიმღერები მგავს მე. ასეთი ხასიათი მაქვს. მიყვარს ლიდერობა, პირველობა. რა ვქნა, ცოდვაა ეს, მაგრამ ასეთი ვარ. ჩემი სიმღერებიც ასეთია. ტყუილად არაფერს ვამბობ, არაფერს ვწერ, ყოველთვის რაღაც მისამართი აქვს ჩემს ქმედებას. სიმღერებს უბრალოდ არ ვწერ. იმიტომ ვწერ, რომ ხალხმა შეიყვაროს. ჩემი ხასიათის და განწყობის მიხედვით ვწერ ხოლმე სიმღერას, ხან გახარებულს, ხან ნაწყენს, ხან ნატკენს…“
ცნობილი კომპოზიტორი მაშინაც წერს, როდესაც დაკვეთა აქვს:
„ჩემს ემოციებს ვეღარ ვაძლევ უფლებას, მაშინ ვწერო, როცა რაღაც მიხარია და მწყინს. გამოვიმუშავე ოქროს წესი, როცა საქმეა, როცა შეკვეთაა და ეს მე აღმაფრენას მაძლევს, მე და ირინა სანიკიძე ვსხდებით და მე მუსიკას ვწერ, ირინა დოისთან ერთად, ხშირ შემთხვევაში ტექსტს. საქმეს შევუდგებით ხოლმე ცივი გონებით. სიყვარული იმ წუთას შეგვიძლია მოვიგონოთ…“