LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული კვალი ქართულ პოლიტიკაში / პანდემიის მესამე ტალღა / უკანონო თვალთვალი – “კვირის თემის” პოდკასტი

14
კვირის თემა 1 აპრილი
  • ჩავარდნილი ევრომედიაცია და რუსული კვალი ქართულ პოლიტიკაში

სტუმარი: ლადო ბოჟაძე – ანალიტიკოსი

 

  • ვაქცინაციის ფონზე რამდენად მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა?

 სტუმარი: გიორგი ფხაკაძე – პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის   (GAVI) მრჩეველი

 

  • სკოლების ჰიგიენურ წერტილებში დამონტაჟებული კამერები და კერძო/საჯარო დაწესებულებებში უკანონო თვალთვალი – რა დარღვევები აღმოაჩინა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურმა?

 სტუმარი: არჩილ ჯაველიძე – სახელმწიფო ინსპექტორის კერძო სექტორზე ზედმახედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

 

პოზნერი ომის შემდეგ სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადი მოწვევით იყო ჩამოსული, სად იყო მაშინ საზოგადოების რეაქცია? – ლადო ბოჟაძე

 

პოზნერის ვიზიტი თბილისში, რომელმაც ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაირა, საზოგადოების ნაწილმა პუტინის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ თავდაცვის აქტად შეაფასა,  ნაწილისთვის კი ასეთი “კონცერტების” დადგმა მიუღებელი აღმოჩნდა.

კვირის მთავარ თემასა და პოლიტიკურ შეფასებებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოზნერის ვიზიტი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა.

“ახლა, როცა გაჩნდა იმის შანსი, რომ ზაფხულიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ტურიზმი განვითარდეს და არავისთან დასამალი არ არის, რომ ტურისტების დიდი რაოდენობა სწორედ რუსეთიდან არის, ჩნდება კიდევ ერთი ფაქტორი, რაც შეიძლება რუსეთმა კარგად გამოიყენოს – მოუწოდოს საკუთარ მოქალაქეებს აღარ ჩამოვიდნენ საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანის შემოსავლებზე აისახება.

ეს რეაქციები რამდენად იყო შეთანხმებული ოპოზიციასთან ამას მომავალში ვნახავთ. გავრილოვისგან განსხვავებით ეს სულ სხვა შეხვედრა იყო. გახსოვთ, რომ გავრილოვის ჩამოსვლა არ იყო პრობლემა, არამედ მისი პარლამენტის სპიკერის სკამში დაჯდომა და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. შემდეგ კი სხვანაირად განვითარდება მოვლენები. იგივე მოხდა ფაქტობრივად, გუშინაც.

სხვათაშორის, პოზნერი არა მხოლოდ ახლა იყო ჩამოსული, არამედ აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან მალე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირადი მოწვევით.

პოზნერი არის აშშ-ის მოქალაქე. რუს პროპაგანდისტად ბევრი შეიძლება მოინათლოს, როცა ჩამოვიდა, მაშინ ხომ არ გახდა? 87 წლის ადამიანია, ვიცით მისი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების დროს, დღეს, ომამდე და ომის შემდგომ. თუ პირველად არ ჩამოსულა, სად იყო საზოგადოების იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ“.- აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვიზიტს ხმაურიანი აქციით აპროტესტებდა.

“მაგალითად, მინდია გულუას ასე ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი მაქარაშვილი. ლავროვის საყვარელი სტუდენტი – ელენე ხოშტარია. გუშინ გაპოლიტიკოსებული ადამიანები, ნინო ბურჯანაძე, რომელიც არაერთხელ იყო პოზნერის სტუმარი და ა.შ. საინტერესოა, რატომ არიან ერთიდაიგივე ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პასუხისმგებლობა უფრო მეტი აქვთ რუსეთთან კონფლიქტის გამო, ვიდრე ვიღაცის ჩამოსვლა. ამ თემაზე ყოველთვის გვექნება განსხვავებული შეფასებები, მაგრამ როდესაც ოკუპანტ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ პარტიული მიდგომა არ უნდა გვქონდეს.

30 წელია ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს რუსეთის აგენტობას. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროიდან, შემდეგ მისი მხარდამჭერების უმეტესობა წავიდა რუსეთში. მერე იყო საუბარი, რომ შევარდნაძე რუსეთის ჩამოყვანილია, არადა ნატოს და ევროკავშირის კარს პირველი შევარდნაძემ მიუკაკუნა.

ვიღაცა რაც არ უნდა კარგად ან ცუდად აკეთებდეს რამეს, ამის გამო რუსეთის აგენტად მოვნათლოთ, სწორი არ არის. რუსეთი ყველასთვის არის შეთანხმებული, რომ ჩვენი მტერი, მაგრამ სანამ ჩვენ მხოლოდ პატრიოტიზმზე ვილაპრაკებთ და არ დავფიქრდებით იმაზე, რომ თუ რა უძღოდა აგვსიტოს ომს წინ და რა მოხდება ხვალ, მუდმივად ამ რეჟიმში დავრჩებით”- განაცხადა ლადო ბოჟაძემ გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

ნიკა მელია სააკაშვილის პატიმარია და თუ ვინმეს შეუძლია ის გაათავისუფლოს, ისევ მიხეილ სააკაშვილია: ლადო ბოჟაძე

 

მიხეილ სააკაშვილის პატიმარი არის ნიკა მელია, თუ ვინმეს შეუძლია ის გაათავისუფლოს, ეს არის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ ნიკა მელიას განცხადება, რომ მანამდე არ გამოვა, სანამ არ გამოვა რურუა. ვიცი, რომ რურუას 4-5 წელი აქვს მისჯილი, ანუ მელია თავად უშვებს, რომ ვიდრე რურუა არ გამოვა, როგორ უნდა გამოვიდეს არ ვიცი, მაგრამ უნდა, რომ ციხეში იჯდეს.

რატომ? 2024 წელს გაცხადებულად ვთქვით, რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები. აი, ნახეთ, რა პროცესები ხდება ქვეყანაში“. –  ამბობს ლადო ბოჟაძე „კვირის თემასთან“ საუბარში.

 

მე მაგათზე საათნახევარსაც არ დავხარჯავდი, რადგან ოპოზიციის ამოცანაა, პარლამენტში არ შევიდეს

 

რა ვითარება მივიღეთ არშემდგარი შეთანხმების შემდეგ, რამდენად უნდა ველოდოთ სტრატეგიული პარტნიორის სახით ამჯერად უკვე აშშ-ს ჩართულობას პროცესში და როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ჩავარდნილი ევრომედიაცია?

თემაზე ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

„დასავლელმა პარტნიორებმა პირდაპირ გვირჩიეს, რომ საპარლამენტო მოდელზე გადავსულიყავით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა დადო „ქართულმა ოცნებამ“ უბარიერო საარჩევნო სისტემაზე და გვახსოვს გაქცეული სააკაშვილის გამოხმაურება, ვინც ამას დათანხმდებოდა, იქნებოდა მოღალატე, მოსყიდული, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ დანარჩენი ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ნახევარი მილიონი ამომრჩევლის სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ენმ-ს მძევლები, არ სჭრიდებათ კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული პარლამენტი.

ასევე, გვახსოვს ისტორიული შეთანხმება 8 მარტის.

მივიღეთ ის საარჩევნო სისტემა, რაც გვაქვს, ასევე გამოშვებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, სამაგიეროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ შევიდა პარლამენტში. „ევროპული საქართველო“ ერთხელ შევიდა, პირველი მოსმენით მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და მერე ყველაფერი გააკეთეს, რომ ცვლილებები იქნება და ჩავარდნილიყო, რაც „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნებოდა. სამაგიეროდ დარჩებოდა ის საკონსტიტუციო ცვლილება, რაც მომგებიანი იქნებოდა მარტო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

ანალიტიკოსის თქმით, დოკუმენტიდან, რომელიც კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკების მაგიდაზე დადო, არჩევნების საკითხი ამოიღო ევროპამ და არა „ოცნებამ“.

„არჩევნები აღიარა მთელმა მსოფლიომ. დოკუმენტიდან რიგარეშშე არჩევნების საკითხი „ოცნებამ“ კი არ ამოიღო,  ამოიღო ევროპამ.

დანიელსონის ხუთპუნქტიან გეგმაში იმიტომ აღარ მოხვდა რიგგარეშე არჩევნები, რომ 5 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს დასკვნა. არ შეიძლება დასკვნა, რომელიც ითვლება მთელ მსოფლიოში არჩევნების განაჩენად, ეჭიროს დასავლელ პარტნიორს და ამავდროულად, ვიღაცას კარს უკან ეუბნებოდე, რომ რიგგარეშე დანიშნე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებოდა არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ პირველი ნოემბრისთვის.

ორ საკითხს, რომელიც იცის ევროპამ, არ და ვერ მოგვარდება, რადგან ამის მოგვარების მექანიზმი და საჭიროება არ არსებობს, ოპოზიცია იტოვებს მთავარ მოთხოვნებად, რომ არ შევიდეს პარლამენტში და  ამერიკაში, ვაშინგტონში, ბრიუსელში კი მუდმივად ისმოდეს კითხვა – რა ხდება ამ ქვეყანაში.

ის, რაზეც თქვენმა სტუმარმა ისაუბრა, რომ დანიელსონმა რამდენიმე დღე დახარჯა “ოცნებასთან” კონსულტაციებში, 8 პოლიტიკურ პარტიასთან კი სულ რაღაც საათნახევარი, მე მაგათზე საათნახევარსაც არ დავხარჯავდი, რადგან ოპოზიციის ამოცანაა, პარლამენტში არ შევიდეს და ნიკა მელია გარეთ იყოს“. – ამბობს ლადო ბოჟაძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“.

ბოჟაძე საუბრობს იმ  ერთად ერთ გზაზე, რაც ქართულ პოლიტიკას კრიზისიდან გამოსასვლელად დარჩა.

„თუ დასავლელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან და ოპოზიციას აიძულებენ, შეწყვიტონ რუსული თამაში და შევიდნენ პარლამენტში. პოლარიზებული გარემოდან მაქსიმალურად უნდა წავიდეთ დიალოგისკენ. შეწუხებული არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ბედნიერია ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი. მგონია, რომ დოკუმენტზე, რაც დაიდო, ხვალ და ზეგ გაჩნდება ხელმოწერა, თუ არადა „ოცნების“ პირობა გვაქვს, რომ იქ არსებული პუნქტები მაინც შესრულდება“. – ამბობს ლადო ბოჟაძე „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

 

 

საქართველოში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, მაგრამ მთავრობას ამის აღიარების ეშინია: გიორგი ფხაკაძე

“ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, მისი ჩამოტანა დანაშაულია”

 

იქნება თუ არა ქვეყანაში მესამე ლოკდაუნი, მაშინ როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს არ მიგვიღია, ვაქცინაციის ფონზე რამდენად მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა. საკითხზე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“ პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.

 

 

„ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი.  როცა შენ გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები  და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი.  პატარა მიწისძვრების შემდეგ შენ უკვე იცი, რომ მოსალოდნელია ცუნამი.

ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო ორი კვირის უკან. 

ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ და რატომ ვიტყუილებთ თავს, მე მაინც ვერ გავიგე.  ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ და ნოემბერში ერთ-ერთი  მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში. 

ზაფხულში ვამბოდი, რომ მეორე ტალღა აუცილებლად იქნებოდა. ამბობდნენ, რომ ხალხს პანიკაში ვაგდებდი. მაგრამ შენ თუ მოემზადები, უფრო შეიარაღებული ხარ და უფრო იოლად გადაიტან ამ პრობლემას. როცა იცი, რომ პრობლემა მოდის და სპეციალურად არ ემზადები ამ პრობლემისთვის, მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში“. – ამბობს ექსპერტი „კვირის თემასთან“ საუბარში. 

ექსპერტი საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

„უკვე დავიღალე სახლმწიფო უწყებების არაპროფესიონალიზმზე საუბრით და კრიტიკით. სულ ვიმეორებ, რომ ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ. 

ორი სამი კვირის წინ ვამბობდი, რომ პირველი უნდა აცრილიყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. მერე ხომ მაინც აიცრნენ. 

ვაქცინაციის პროგრამა  ჩავარდნილია. რატომ?  უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო და ამას ნურავის ნუ აბრალებენ. 

სხათა შორის მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, რომ საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს და ახლა კიდევ გავიგე, რომ ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია და ეს ხომ დანაშაულია. როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა.  ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა არაა დარეგისტრირებული. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ“, – აცხადებს ფხაკაძე.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ

 

„საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინები და ის წამლები, რომლებიც იქნებიან რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა ილაპარაკოს სამომავლოდ კარგ ვაქცინებზე.  ჩინურები კი ბატონო, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, სანამ არ იქნება აღიარებული. სხვათა შორის  „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ძალიან საინტერესო მაგალითია. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია. მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი წამალი და ნებისმიერი ვაქცინა უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული.

მეორე საკითხია, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. ადამიანს თუ უნდა უნდა, ვაქცინა უნდა გაიკეთოს და თუ არ უნდა, დაძალება  ყოველთვის უკუშედეგს გვაძლევს. 

საქართველოში კარგად დავინახეთ ამის მაგალითი. რაც უფრო მეტი დაძალება იქნება, მით უფრო უარყოფა იქნება მოქალაქეების მხრიდან. ასევე საჭიროა პროცესის გამჭვირვალობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ნებაყოფლობაზე.

ექვსი თვეა ვამბობ, გააკეთეთ ელექტრონული ბარათები. როცა შენ აკეთებ ახალ ვაქცინას შენ უნდა ვიცოდეთ, რა ალერგიული  ფონი აქვს ადამიანს. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ეს ალერგია მაქვს და შემიძლია, გავიკეთო თუ არა ვაქცინაო და ეს არასწორია, როცა ყველა ელოდება ჩემგან კის, ან არას. 

ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური, ექიმმა უნდა გააკეთოს შეფასება და რისკებიც უნდა იყოს შეფასებული.

ექიმმა უნდა მისცეს დასკვნა, გაიკეთოს თუ არა ვაქცინა და ეს უნდა იყოს დიალოგი და არა იმის თქმა, გინდა თუ არა გაიკეთეო.

მე ვამბობ, რომ  ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ გამო უნდა შეჩერებულიყო, როგორც ევროპაში.

სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი.  ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო? საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, რომ 50 –  55 წლის ქვევით არაა სასურველი რომ გამოიყენო „ასტრაზენეკა“, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ არის აკრძალული, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? დასვამენ ამ კითხვას და ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“. – ამბობს ფხაკაძე „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

 

 

რას ემსახურება სკოლის საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგი და როგორ დავიცვათ თავი სამსახურებში ფარული თვალთვალისგან

 

სახელწიფო ინსპექტორის სამსახურმა სკოლების ჰიგიენურ წერტილებში დამონტაჟებული კამერები და კერძო/საჯარო დაწესებულებებში უკანონო თვალთვალის ფაქტები გამოავლინა.

რა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ სამსახურში უკანონო მოსმენისგან დავიცვათ თავი, საკითხზე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „დღის თემა“ არჩილ ჯაველიძემ,  სახელმწიფო ინსპექტორის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ისაუბრა.

 

 

„სახელმწიფო ინსპექტორმა წარადგინა 2020 წლის ანგარიში, სადაც დარღვევის უამრავი ფაქტებია აღრიხხული. ცნობილია, რომ კერძო და საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ ვიდეომონიტორინგს, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორმა არაერთი შემოწმება განახორციელა, მათ შორის იყო საჯარო სკოლები და სამართალდამცავი ორგანოები. ამ გამოწვევის ფარგლებში სხვადასხვა სახის გადაცდომა გამოვლინდა. მათ შორის იყო საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგი, რაც კანონის თანახმად აკრძალული იყო. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ვიდეოსათვალთვალო კამერით დასაქმებულთა მონიტორინგი ხორციელდებოდა და ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დასაქმებული პირი წერილობით იყოს ინფორმირებული.

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ გარკვეული ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალთან ერთად ახორციელებდნენ აუდიოჩაწერასაც.

დამქირავებელს ამისთვის უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზეზი და მიზნის მიღწევის შემდეგ მუდმივად არ უნდა განახორციელოს აუდიო მონიტორინგი“.- აღნიშნა „დღის თემასთან“ საუბარში არჩილ ჯაველიძემ.

რას ემსახურება სკოლის საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგი 

 

„არგუმენტი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ საპირფარეშოებში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინციდენტს. სკოლების ადმინისტრაციის თქმით საპირფარეშოებში არის ადგილები, სადაც კონფლიქტი იწყება და ამ მიმართულებით თვლიდნენ, რომ კამერების იქ განთავსება იყო მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია მიეღოთ. თუმცა კანონი მათ უკრძალავს საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას.

სკოლამ სხვა გზით უნდა მოახდინოს არასრულწლოვან პირთა უფლებების დაცვა“. – ამბობს არჩილ ჯაველიძე.

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი სამსახურებში ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებისგან

 

„ გამაფრთხილებელი ნიშანი აუცილებლად უნდა იყოს  სივრცეში, სადაც ვიდეომონიტორინგი ხორციელდება, იმისათვის რომ თვითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს იმის აღქმა, რომ კონკრეტულ ადგილას ჩვენი ქცევის მონიტორინგი მიმდინარეობს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, უშუალოდ ორგანიზაციები, რომლებიც ანხორციელებენ ვიდეოთვალთვალს  მიღებული ჰქონდეთ უსაფრთხოების იმგვარი ზომები, რომ ჩანაწერები არ აღმოჩნდეს მესამე პირების ხელში.

სამწუხაროდ ამ მიმართულებით გადაცდომები გვაქვს. ორგანიზაციებს არ აქვთ უსაფრთხოების ზომები მიღებული და შესაბამისად გარკვეული ჩანაწერები ხვდება მესამე პირების ხელში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სათვალთვალო სისტემას პირველ რიგში დაცული ჰქონდეს პროგრამა, რომლის წვდომა მკაცრად იქნება შეზღუდული.ასევე მომხმარებლის სახელი, რომელიც გამოიყენება ვიდეოჩანაწერების წვდომის სანახავად, უნდა ჰქონდეს შეზღუდულ პირთა წრეს“, – განმარტავს სახელმწიფო ინსპექტორის კერძო სექტორზე ზედმახედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

რა ბერკეტი გვაქვს რეალობის შესაცვლელად, თუ ვთვლით, რომ აუდიო-ვიდეო მონიტორინგისას ჩვენი უფლებები ილახება

 

„უნდა მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თუ თვლით, რომ ვიდეოკამერების მეშვეობით ადგილი აქვს გარვეულ გადაცდომას. სამსახური შეისწავლის რამდენად კანონიერია კონკრეტული დაწესებულების მიერ მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაფასებს ამ საკითხს“. – ამბობს არჩილ ჯაველიძე.

მან ასევე განმარტა, რომ დარღვევები გამოვლინდა არამარტო კერძო დაწესებულებებში, არამედ საჯარო სამსახურებშიც.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები