LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოში პირველ რიგში ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო” – ლელა მებურიშვილი

24
მებურიშვილი

25 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსახიობი ლელა მებურიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ კარიერასა და ლონდონურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

– ლელა, რამდენიმე თვის წინ გაემგზავრეთ ბრიტანეთში, ახლა კი, ისევ თბილისში ხართ, რა გახდა სამშობლოში დაბრუნების მიზეზი?

– მართალია, 9 თვის წინ წავედი, მაგრამ უკვე მესამედ ჩამოვედი. ძალიან მიყვარს მეგობრებისთვის სიურპრიზის მოწყობა და ახლაც მოულოდნელად დავადექი თავზე. საქართველოში პირველ რიგში ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

– რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ გამგზავრება?

– მეც და ჩემს მეუღლესაც ყოველთვის გვინდოდა საკუთარი შესაძლებლობების საზღვარგარეთ მოსინჯვა, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა გვიჭირდა, რადგან არაფრით გვეთმობოდა აქ შექმნილი კარიერა, ახლობლები და მეგობრები. ძალიან რთულია, ერთი ხელის მოსმით ყველაფერზე უარის თქმა და ცხოვრების თავიდან დაწყება. თუმცა, როცა მეუღლეს ბრიტანეთში მუშაობა შესთავაზეს, გავბედეთ და ლონდონში გავემგზავრეთ.

– რამდენად რთული აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნა?

– ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ, რადგან მთავარი აქტიურობაა. მართალია, ლონდონში არავის ვიცნობდი, მაგრამ ძალიან გამიმართლა და ჩასვლისთანავე უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი, მერე კი, ლონდონურ ცხოვრებაშიც ინტერესით ჩავები.

– რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? 

– საოცრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბრიტანული დოღი Royal Ascot, მით უფრო, რომ ძალიან სწრაფად აღმოვჩნდით გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში. საერთოდ, ასკოტზე 14 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან, თუმცა ჩვენ სწორედ ბავშვებთან ერთად ვესტუმრეთ ღონისძიებას. ამასთანავე, ყველა დრესკოდის მოთხოვნების გათვალისწინებით ვიყავით გამოწყობილი, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის.

– ვისგან მიიღეთ კარიერის გაგრძელების პირველი შეთავაზება?

– მართალია, ლონდონში ჩასულს ყველა დასვენებას მირჩევდა, მაგრამ მე მაინც მუშაობა მერჩივნა, ამიტომ ჩასვლისთანავე უამრავი წერილი გავგზავნე სხვადასხვა სააგენტოში. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი და ძალიან გამიკვირდა, როცა პირველ საღამოსვე მივიღე პასუხი. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ჩემი გაცნობის სურვილი, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ბრიტანეთში ჩასულს ცოტა საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი და უამრავი საინტერესო შეთავაზება მივიღე, თუმცა საბოლოოდ მაინც მცირე სააგენტო ავირჩიე. სიმართლე ვთქვა, არ ვიცი რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე, იმედია გამიმართლებს და ბრიტანეთშიც შევძლებ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ აქ მარტივია პოპულარობის მოპოვება, ბრიტანეთში კი, ყველაფერი ბევრად რთულია.

– როგორ მოგწონთ, ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუში“ საქმიანობა?

– ძალიან მომწონს, რადგან სრული თავისუფლება მაქვს და ყოველთვის იმ თემებს ვაშუქებ, რომელიც მაყურებლისთვისაა საინტერესო, ამასთანავე, სწორედ „იმედი“ მაძლევს საქართველოსთან კავშირის შენარჩუნების საშუალებას.

– წარმატებული სამსახიობო კარიერის შემდეგ, რა სფეროში მოსინჯავდით შესაძლებლობებს?

– ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ჩემი საქმის კეთება, თუმცა სულ რაღაცას ვეძებ. ახლა არქიტექტურით, ინტერიერის დიზაინით ვარ გატაცებული და მიხარია, რომ ამ სფეროშიც შემიძლია უამრავი საინტერესოს შექმნა.

– გაქვთ თუ არა საოცნებო როლი?

– მართალია, ძალიან მომწონს ის ფილმები და სპექტაკლები, სადაც დრო განზოგადოებულია და არ ეხება კონკრეტულ ეპოქას, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი ძველ ფილმებში, რომლებიც მეტწილად კოსტიუმებისა და დეკორაციების გამო მომწონს.

– როგორ ახერხებთ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსებას?

– საქართველოში მშობლები გვეხმარებიან ბავშვების აღზრდაში, ლონდონში კი, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, ამიტომ საქმეც ბევრად მეტი მაქვს. ზოგადად, ძალიან რთულია სხვა ქვეყანაში ცხოვრება, რადგან ისე კომფორტულად, როგორც საკუთარ სახლში, ვერსად იგრძნობ თავს, თუმცა მე მაინც მოვნახე გამოსავალი და ისე შევხედე საკუთარ ცხოვრებას, როგორც საინტერესო თავგადასავალს. ერთგვარი აზარტია, რადგან ძალიან მაინტერესებს შევძლებ თუ არა ბრიტანეთში საკუთარი თავის რეალიზებას.

– ცოტა ხნის წინ ლონდონის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რით გამოირჩევა ბრიტანული კინოფორუმი ანალოგიური ღონისძიებებისგან?

– უამრავი საინტერესო ღონისძიება ეწყობა ლონდონში, რა თქმა უნდა, ყველას სტუმრობა მინდა, მაგრამ არასდროს მაქვს საკმარისი დრო. ძალიან საინტერესო იყო ქართულ-ბრიტანული ფესტივალი, რადგან ქართული ფილმების ჩვენებასთან ერთად, მერაბ ნინიძის  მასტერკლასიც მოეწყო, ლონდონის ფესტივალს კი, უამრავი ვარსკვლავი სტუმრობდა საკუთარი ფილმით. სხვათა შორის, მოკლე სიუჟეტი მეც გავაკეთე „იმედისთვის“, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, რადგან ქართული ფილმიც იყო წარდგენილი და სწორედ მასზე გავაკეთე აქცენტი. სამომავლოდ გვერდის შექმნას ვაპირებ მეგობრებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთში მცხოვრები ქართველებისთვის იმუშავებს და იმ ღონისძიებებზე მოუთხრობს, რომელთა გამართვა ახლო მომავალში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები