LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერა ახალია, თუმცა მისამღერს უკვე მთელი „ტიკ ტოკი“ მღერის, შეიძლება ითქვას, რომ იქაურობა აფეთქდა” – ანრი ჯოხაძე პრემიერით ,,არტ-Fm”-ში

7
ანრი ჯოხაძე

20 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანრი ჯოხაძე სტუმრობდა, რომელმაც ბათუმში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე, ახალ სიმღერაზე და აღნიშნული სიმღერის კლიპის გადაღების პროცესზე ისაუბრა.

ანრი, მომიყევი ბათუმში გამართული კონცერტის შესახებ, როგორ დაიგეგმა და ვინ მიიღო მონაწილეობა?

ნოე სულაბერიძემ და ირაკლი მაქაცარიამ დიდი საქველმოქმედო კონცერტი გააკეთეს უკრაინის დასახმარებლად, მეც ჩართული ვიყავი ამ პროექტში და მაშინ გავიცანი ოლია პოლიაკოვა, რომელიც უკრაინაში სუპერ ვარსკვლავია და ძალიან პოპულარულია. ოლიას ძალიან სურდა საქართველოში სოლო კონცერტის ჩატარება. ირაკლისთან და ნოესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი საღამო გაგვეკეთებინა ბათუმში და მთელი თვე ვშრომობდით. ავარჩიეთ ბათუმის ბულვარი, ღია სივრცე. ულამაზესი „საზაფხულო თეატრი“ დეკორაციად ვაქციეთ და ვიზუალურად მართლა ლამაზი და უჩვეულო გამოვიდა.

 

გაქვს გადაღებები, რომელ სიმღერაზე იღებ კლიპს?

კლიპს ვიღებ სიმღერაზე „რა აზრი აქვს ლოდინს“. გადაღება დაუგეგმავად მოხდა, ფაქტობრივად, 2-3 დღეში გადავწყვიტეთ. სიმღერა ახალია, თუმცა მისამღერს უკვე მთელი „ტიკ ტოკი“ მღერის. ჩემმა მეგობარმა, კოკიმ გადამიღო ვიდეო და თავის „ტიკ ტოკზე“ ატვირთა. შეიძლება ითქვას, რომ იქაურობა აფეთქდა, დაახლოებით 1000 ვიდეო იყო შემდეგ ამ სიმღერაზე გადაღებული და მივხვდი, რომ ეამა მსმენელს და კლიპის გადაღება გადავწყვიტე. ერთ-ერთი ინდიკატორი ბათუმში გამართული კონცერტიც იყო, სადაც ბენდის და ორკესტრის თანხლებით პირველად შევასრულე ეს სიმღერა. ზოგადად, არ მიყვარს ჩემი რეპერტუარიდან საზოგადოებისთვის უცნობი სიმღერების შესრულება, მაგრამ იმ მომენტში წარმოუდგენელი რამ მოხდა. ამდენი დიდი ავტორის დიდი სიმღერა ვიმღერე, მაგრამ ამ სიმღერამ ისეთი ეფექტი და ემოციური აფეთქება გამოიწვია მსმენელში, რომ რაღაცნაირად ნიშანი იყო იმ მომენტში, რომ ეს ნამუშევარი ჰიტი იყო და რომ მალე უნდა დამეგეგმა კლიპის გადაღება. ისე მოხდა, რომ ბისზეც შემასრულებინეს ეს სიმღერა. ეს სიმღერა ძალიან ახლოს არის „ცივ ნოემბერთან“, რადგან „ცივი ნოემბერიც“ ძალიან დიდხანს, თითქმის წელიწად ნახევარი მედო ჩემთვის. „რა აზრი აქვს ლოდინს“ დაახლოებით ორი წელია რაც ასე მიდევს. ზოგადად, ჩვენ, მომღერლებმა შეიძლება ობიექტურად ვერ შევაფასოთ ის, რასაც ვმღერით, რადგან ჩვენი გაკეთებული ასე თუ ისე ყველაფერი მოგვწონს, ამიტომ ვითვალისწინებ მეგობრების, მსმენელის აზრს. „ცივი ნოემბერი“ რომ მოისმინეს ჩემმა მეგობრებმა, გაგიჟდნენ, სასწრაფოდ წადი და კლიპი გადაიღეო. ახალი სიმღერის შემთხვევაში უკვე მსმენელმა მიბიძგა კლიპის გადაღებისკენ.

 

ვის ეკუთვნის სიმღერის ტექსტი?

ჩემს მეგობარს, ძალიან მაგარ ქალბატონს, თამარ უჯმაჯურიძეს ედო სოციალურ ქსელში ასეთი წინადადება „რა აზრი აქვს ლოდინს, თუ არავინ მოდის“. ეს რომ ვნახე, უცებ მივწერე, სასწრაფოდ ამ რითმაში და ამ წყობით გამიკეთე ტექსტი, რომ მისამღერში ვიმღერო-მეთქი და საოცარი სიტყვები დამიწერა. დანარჩენი სტროფებისთვის თავად დავწერე ტექსტი. გარკვეული მონაკვეთი ერთგვარი რეჩიტატივია.

 ვინ იღებს კლიპში მონაწილეობას?

ძალიან ბევრი იდეა მქონდა კლიპის სიუჟეტის ხაზთან დაკავშირებით და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ფაქტობრივად მარტო ვყოფილიყავი, რადგან განცდა ეს არის, ადამიანი, რომელიც მარტო. ვერ ვიტყვი, რომ სიმღერა სევდიანია, მაგრამ ნოსტალგიური ხაზი მიჰყვება. გადავწყვიტე კლიპში კატა მყოლოდა და ჩემმა ახლობელმა მოიყვანა ბრიტანული შავი კატა, რომელმაც მინდა გითხრათ, რომ იმუშავა. საოცარ ლოკაციაზე გადავიღეთ კლიპი. დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება მის დასრულებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები