LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის თიზის ახალი გეგმები – საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს

102

პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს – დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და „CEFC China Energy Company Limited“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

კომპანია გეგმავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას – ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.

„CEFC China Energy Company Limited“-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება გამომცემლობა „Fortune“-ს მიერ (Fortune Global 500).

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია „CEFC China Energy Company Limited“-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის გაძლიერებაში.

magti 5g