დუბაიში პირველ სტუმრებს უმასპინძლა მსოფლიოს ყველაზე მაღალმა სასტუმრომ – Ciel Dubai Marina. ამის შესახებ ემირატების გამოცემა The National წერს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სიმაღლე 377 მეტრს შეადგენს, რაც 21 მეტრით აღემატება დუბაის სხვა ცნობილ სასტუმროს – Gevora Hotel-ს. The National-ის მონაცემებით, დუბაიში მდებარეობს მსოფლიოში მოქმედი ყველაზე მაღალი ათი სასტუმროდან რვა, მათ შორის ცნობილი იალქნის ფორმის სასტუმრო „ბურჯ ალ-არაბი“, რომლის სიმაღლე 321 მეტრს აღწევს.
რაც შეეხება ახალ სასტუმროს, ის 82 სართულს და 1004 ნომერს აერთიანებს. გარდა სიმაღლისა ნაგებობამ ყველაზე მაღალი უსასრულო აუზის რეკორდიც მოხსნა. Tattu Sky Pool 76-ე სართულზე მდებარეობს და ქალაქს 310 მეტრის სიმაღლიდან გადმოჰყურებს.
Ciel Dubai Marina-ს მშენებლობას 2 მილიარდი დირჰამი ანუ 544 მილიონი დოლარი მოხმარდა.
„ეს განსაკუთრებული სასტუმრო ქმნის ინოვაციას, ფუფუნებას და კრეატიულობას, გთავაზობთ გამოცდილებას, რომელიც ისეთივე ამაღლებულია, რამდენადაც დაუვიწყარი. ჩვენ დიდი სითბოთი და ზრუნვით ვხვდებით სტუმრებს, რათა შევქმნათ ყველაზე გულწრფელი მასპინძლობის ატმოსფერო.“ – დააზუსტა კომპლექსის დირექტორმა, ჰაინრიხ მორიომ.




