პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობას ტოვებს. ნატო ჩხეიძემ ფრაქციიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ უფრო ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის ეს გადაწყვეტილება პარტიის ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის გაუგებარია.
ირმა ინაშვილის თქმით, ნატო ჩხეიძის ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ჟურნალისტებისგან შეიტყო.
„არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა არის ამისი რეალური მიზეზი. პარტიული ცხოვრების 2 წლის განმავლობაში არასდროს გვქონია რაიმე უთანხმოება, დაპირისპირება. ნორმალური, თბილი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. კიდევ ვამბობ: გაუგებარი და მოულოდნელია ჩემთვის ნატოს ეს გადაწყვეტილება. ხვალ შევხვდები და ამ თემაზე ვისაუბრებთ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელიც არის, რომელიც ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ 6 დეპუტატისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძის გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება. ფრაქციის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის, თუ მის რიგებში რომელიმე სხვა დეპუტატი გაწევრიანდება.