ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყოველი კვირის განმავლობაში მოხდება რეგიონებში დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და ამაზე დაყრდნობით მიიღება რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებები. როგორც ნათია თურნავა ამბობს, შეხვედრაზე ბიზნესს ის ლოგიკა აუხსნეს, რომლითაც საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.
„შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო ზამთრის კურორტების, რესტორნების, ტურისტული ინდუსტრიისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ის ლოგიკა, რომლითაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე ბიზნესის შეზღუდვების გახსნის გრაფიკთან დაკავშირებით. ამ შეხვედრას ეკონომიკურ გუნდთან ერთად ესწრებოდა ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე, მათ დაასახელეს კონკრეტული კრიტერიუმები და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ე.წ დადებითობის მაჩვენებელია. ასევე ვისაუბრეთ იმ შემსუბუქებაზე, რაც უკვე სახეზეა აჭარაში, სადაც 1-ელი თებერვლიდან სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება და ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ. გვესმის, რომ ეს ლოგიკა შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი პრაქტიკულად იკარგება, მაგრამ ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არ გახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა. რეგიონ-რეგიონ წავალთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ეტაპობრივად დავამატოთ სხვა დარგების გახსნა. ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული“,-აღნიშნა ნათია თურნავამ ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.