ფსორიაზული ართრიტი სახსრების ანთების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ფსორიაზით დაავადებულებს ემართებათ, თუმცა შესაძლოა, ფსორიაზისთვის დამახასიათებელი ნიშნების გარეშეც იჩინოს თავი. დაავადებისთვის დამახასიათებელია სისუსტე, მტკივნეულობა და შეშუპება მყესების ირგვლივ, ხელისა და ფეხის თითების შეშუპება, ერთი ან რამდენიმე სახსრის დაჭიმულობა, მტკივნეულობა, შეშუპება და მომატებული მგრძნობელობა, მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, თვალების სიწითლე, მხედველობის დაბინდვა. ხშირად აღინიშნება ანემიაც, ზოგიერთ პაციენტს ხასიათიც ეცვლება.

თავდაპირველად ექიმი ამოწმებს სახსრების შეშუპებას და მტკივნეულობას, მოძრაობის დიაპაზონს, ართრიტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ფსორიაზისთვის დამახასიათებელ კანისა და ფრჩხილების ცვლილებებს. სახსრის დაზიანების შესაფასებლად ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა. უფრო დეტალური შეფასება შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, ულტრაბგერითი კვლევით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით.
ფსორიაზულ ართრიტს ექიმი რევმატოლოგი მართავს. ფსორიაზული ართრიტის მკურნალობის მიზანია დაავადების პროგრესირების შეჩერება, ანთების ჩაცხრობა, ტკივილის შემსუბუქება, სახსრების მოძრაობის დიაპაზონის შეძლებისდაგვარად შენარჩუნება. ართრიტის მქონე ადამიანები ცოტას მოძრაობენ, რასაც სახსრების შებოჭილობამდე და კუნთების სისუსტემდე მივყავართ. კვლევები მოწმობს, რომ რეგულარული ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სახსრების ტკივილისა და დაჭიმულობის შესამცირებლად, მათი მოქნილობის შესანარჩუნებლად. ამისთვის საკმარისია ყოველკვირეული 150-წუთიანი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა – ფეხით სიარული, ცურვა ან ველოსიპედის მართვა. მკურნალობა მკურნალ ექიმთან ან ფიზიოთერაპევტთან შეთანხმებით უნდა შედგეს.