„გაათავისუფლეთ მზია [ამაღლობელი]. მეთვრამეტე დღეა დღეს. ნუ გაწირავთ ადამიანს და საკუთარ თავსაც. ყველას, ყველას გეხებათ ეს, ვინც ე. წ. მართლმსაჯულების სისტემას ქმნით“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში წერს.
„რას გკარნახობთ თქვენი მორალური კომპასი?
დაგაკავეს სტიკერის გაკვრის გამო. დაკავებისას ნახე უამრავი სისასტიკე, გესმოდა როგორ სცემდნენ ადამიანებს, როგორ შეურაცხყოფდნენ, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ.
გამოგიშვეს. შენ გარშემო უამრავი ხალხია. ხედავ არაფრისთვის იჭერენ. აქვე, გვერდიდან აგაცალეს ახლობლები, რომლებიც შენს მხარდასაჭერად მოვიდნენ.
დგას პოლიციის უფროსი და ისევ აგრძელებს შენს შეურაცხყოფას. დაკავებისას ნანახი და ახლა რასაც ხედავ გარშემო, ერთმანეთში ირევა და ვეღარ ითმენ, გაქვს ამაზე რეაქცია – ხელს აუქნევ თუ გაარტყამ პოლიციელს. ამ ქმედების გამო შეიძლება დააჯარიმო, რამდენიმე დღით ჩასვა. მაგრამ სისტემა ისე ექცევა თითქოს საქმე რეციდივისტთან ჰქონდეს, წინასწარ პატიმრობაში ტოვებს და, სულ ცოტა, 4 წელი ელოდება. მეორე დაკავებისას გაწამეს, შეგაფურთხეს და ამდენი უსამართლობა და შელახული ღირსება სხვა გზას არ გიტოვებს – უკიდურეს პროტესტს გამოხატავ. ან გამოუსწორებელი ზიანისთვის წირავ თავს, ან სიკვდილისთვის.
რას გეუბნებათ თქვენი შინაგანი ხმა? სწორად იქცევა სისტემა? ეს ქალი დაუყოვნებლივ არ უნდა გამოუშვან? სიკვდილს იმსახურებს?
ამ სასტიკ სისტემაზე მეტად, თქვენი მეშინია, ვინც ახლა დუმხართ. ისე აგრძელებთ ცხოვრებას თითქოს გარშემო არაფერი ხდება. ხმას როგორ არ იღებთ?
რატომ არ ხმაურობთ ის ხალხი, ვინც აუდიტორიებში შესანიშნავად მსჯელობთ დანაშაულებრივი ქმედებების გარემოებებზე, წინაპირობებზე – პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები რომ გქვიათ. მოგწონთ კოლაფსში ჩავარდნილი, ყველანაირი ადამიანური ლოგიკისგან დაცლილი საკუთარი თავი? ყველა პოლიციელის, პროკურორის, მოსამართლის სირცხვილია, რაც მზიას თავს ხდება. ამას როგორ ეგუებით?
გაათავისუფლეთ მზია. მეთვრამეტე დღეა დღეს.
ნუ გაწირავთ ადამიანს და საკუთარ თავსაც. ყველას, ყველას გეხებათ ეს, ვინც ე. წ. მართლმსაჯულების სისტემას ქმნით“, – წერს მაია ცირამუა სოციალურ ქსელში.
რას გკარნახობთ თქვენი მორალური კომპასი? დაგაკავეს სტიკერის გაკვრის გამო. დაკავებისას ნახე უამრავი სისასტიკე, გესმოდა…
Posted by Maia Tsiramua on სამშაბათი, 28 იანვარი, 2025
ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.