LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადებული ცხოვრების სინდრომი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

91
ნინი-ჩაჩია

გადადებული ცხოვრების სინდრომი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინი ჩაჩიამ ისაუბრა.

რამდენად ხშირად ვხვდებით გადადებული ცხოვრების მაგალითებს?

ჩვენი ცხოვრება სწრაფად მიედინება, მოძრაობს. თუ თქვენი ცხოვრების განმავლობაში ცდილობთ დროს დაეწიოთ, მუდმივად მისდევთ მას, ალბათობა იმისა, რომ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ამ დაუსრულებელ მარათონს მიეძღვნება, ძალიან დიდია. ეს მარათონი კი თქვენ ყველანაირ საშუალებას გაკარგვინებთ მიაღწიოთ თქვენს სურვილებს და იცხოვროთ ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრებით.

დგება მომენტი როცა ისმის კითხვა: რა არის ჩემი ცხოვრება? როგორ ვცხოვრობ, რატომ ვცხოვრობ, რას მივაღწიე? ხშირად პასუხები არ გვაწყობს, ზოგჯერ კი სათქმელიც არაფერი გვაქვს. თითქოს კიდეც ვცხოვრობთ, მაგრამ არა სიამოვნებისათვის, არა ბედნიერებისათვის, თითქოს უაზრო მოძრაობებით და დროის დევნაში ვართ. ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ საქმეებს განუსაზღვრელი დროით გადავდებთ ხოლმე.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გადადებული ცხოვრების სინდრომი გვაქვს?

„ახლა ამის დრო არ არის…აი შემოსავალი თუ გამეზრდება მერე ვიქნები ბედნიერი… ორშაბათს, თვის დასაწყისში გავაკეთებ…“

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი აზრები ხშირად გაქვთ, შესაძლოა თქვენ გადადებული ცხოვრების სინდრომი გაქვთ. გადადებული ცხოვრების სინდრომი ეს არის აზროვნების სტილი, როდესაც ადამიანს თავისი ბედნიერების, მიზნების ან სურვილების მიღწევის შესაძლებლობა მომავალში გადააქვს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს გარკვეული სურვილები, მიზნები, ოცნებები, რომლის დროც არასდროს მოდის.

გადადებული ცხოვრების სინდრომის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ბედნიერება, სურვილების ასრულება ან წარმატება უნდა დაიმსახურონ. ამ ყველაფრის სათავე რა თქმა უნდა ბავშვობიდან მოდის, როდესაც მშობლები ბავშვების აღზრდისას „ვაჭრობის“ ანუ „დასაჩუქრების“ მექანიზმებს იყენებენ და შვილებს მათი სურვილების ასრულებას კონკრეტულ ქცევაში უცვლიან – კარგად მოიქცევი და სათამაშოს გიყიდი, კარგად ისწავლი და მობილურს გიყიდი და ა.შ.

ამ სინდრომის მქონე ადამიანები დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან. ეს სინდრომი ჩნდება თვითშეფასების პრობლემების ფონზე, აზრებით, რომ ადამიანი არ არის საკმარისად კარგი იმ ცხოვრებისთვის, რომელზეც ოცნებობს. აქედან გამომდინარე, ჩნდება მომავალი იდეალური, უპრობლემო ცხოვრების იდეა, რომელშიც ის უკვე ცნობილი/წარმატებული/საყვარელია.

როდესაც გადადებული ცხოვრების სინდრომზე ვსაუბრობთ ეს არ უნდა აგვერიოს გრძელვადიანი მიზნების მიღწევის სტრატეგიაში. გადადებული ცხოვრების სინდრომის დროს ადამიანი პასიურ მოლოდინშია, ელოდება გარემოში ცვლილებებს, რამაც უნდა  უზრუნველყოს მიზნის მიღწევა. ეს მოლოდინი ყოველდღიური ცხოვრების გააზრების და სიამოვნების საშუალებას არ აძლევს. გრძელვადიანი სტრატეგიის დროს ადამიანი ყოველდღე ნაბიჯს დგამს თავისი მიზნის მისაღწევად, ეს მოქმედებები გააზრებულია და სიამოვნებას და საკუთარი თავით კმაყოფილებას იწვევს.

მნიშვნელოვანია ადამიანმა გაიაზროს, რომ სანამ ობიექტურად არ შეაფასებს იმას, რაც ახლა აქვს, ვერასოდეს დააფასებს იმას, რაც თქვენს მომავალში მოხდება. რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენი უკმაყოფილება აწმყოთი მხოლოდ გაიზრდება.

გადადებული სინდრომის დასამარცხებლად საჭიროა აწმყოში ცხოვრების  და ყოველდღიური ცხოვრებით სიამოვნების მიღების განცდის სწავლა.

არსებობს 3 ოქროს წესი, თუ როგორ დავძლიოთ გადადებული ცხოვრების სინდრომი და დავიწყოთ ჩვენი ბედნიერი ცხოვრების კონსტრუირება:

  1. შეადგინეთ ყოველდღიური გეგმები. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა სახის შინაარსის გადადებას ახორციელებთ: სწორედ ამ შინაარსების გააზრება შეიძლება აღმოჩნდეს მათკენ მიმავალი გეგმის შედგენის ძალიან ეფექტური საშუალება;
  2. დაიწყეთ მოქმედება. განსაკუთრებული დღე არ დადგება, თუ არაფრის გაკეთების გარეშე გააგრძელებთ მის ლოდინს…
  3. არ შეინახოთ ნივთები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები